თეა წულუკიანი - ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს, არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ხელახლა არჩევის შესახებ

მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს დელეგაციის წევრმა, თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს.

„გმადლობთ, ბატონო თავმჯდომარევ, მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით.

საბოლოოდ, მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, რისთვისაც, მსურს, მადლობა ვუთხრა მას.

თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია, განსაკუთრებით კი - დათქმა, რომელიც „მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებას“ ითვალისწინებს. ამ დღეების განმავლობაში, მე და ჩემი დელეგაციის წევრები არაერთ თქვენგანს შეგხვდით და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თუ რატომ ვთვლით ასე.

შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა და უკვე არსებული კარგი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, საქართველოში მისი უახლესი ვიზიტის შესაბამისად.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, იმათთვის, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

კიდევ გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხული. „ქართული ოცნების“ მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია, ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს, არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის