ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბალტიის ქვეყნებს კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან ვაკავშირებთ, ვწყვეტთ რუსეთთან დარჩენილ ბოლო კავშირებს - გათავისუფლება მუქარისა და შანტაჟისაგან, ეს ისტორიული დღეა

ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს ჩვენ ბალტიის ქვეყნებს კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან ვაკავშირებთ, ვწყვეტთ რუსეთთან დარჩენილ ბოლო კავშირებს. გათავისუფლება მუქარისა და შანტაჟისაგან. ეს ისტორიული დღეა“, - აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი.

ევროკომისია განმარტავს, რომ დღეიდან, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სრულად დამოუკიდებლები არიან რუსეთისა და ბელარუსის ელექტროსისტემებისგან. ისინი, პოლონეთის გავლით ევროპულ კონტინენტურ ქსელთან შეერთებით, წარმატებით გაერთიანდნენ ევროკავშირის შიდა ენერგეტიკულ ბაზართან, რაც საშუალებას აძლევს ბალტიის ქვეყნებს, მართონ საკუთარი ენერგეტიკული სისტემები საერთო და გამჭვირვალე ევროპული წესებით.

„ბალტიის ქვეყნების სინქრონიზაციას არა მხოლოდ მთელი ევროპის მიწოდების უსაფრთხოებაში შეაქვს წვლილი, ის ასევე ხელს შეუწყობს სისტემაში განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ დაბალი ხარჯებით. ბალტიის ქვეყნების სინქრონიზაცია ევროკავშირის ელექტრო ქსელში არის წამყვანი პროექტი, რომელსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მხარს უჭერს კომისია უპრეცედენტო პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. ეს მოიცავს 1,23 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტს ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმიდან (CEF), რომელიც ფარავს საინვესტიციო ხარჯების 75%-ს, ასევე შემდგომ ინვესტიციებს, რომლებიც დაფინანსებულია აღდგენისა და გამძლეობის მექანიზმის ფარგლებში ლატვიასა და ლიეტუვაში ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით“, - აღნიშნულია ევროკომისიის პრესრელიზში.

კომისია განმარტავს, რომ ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის წევრი ბოლო სამი ქვეყანა იყო, რომელთა ელექტრო ქსელები ჯერ კიდევ სრულად ფუნქციონირებდა რუსეთისა და ბელარუსის სისტემაში, სადაც ელექტროენერგიის სიხშირეს ცენტრალიზებულად აკონტროლებდა რუსეთი. ეს კი მათ რუსეთის მიერ ენერგორესურსების იარაღად გამოყენების მიმართ დაუცველს ტოვებდა.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და რამდენიმე მეზობელი ქვეყნის ქსელებთან ბალტიის ქვეყნების ელექტრო ქსელების სინქრონიზაცია მათ საშუალებას აძლევს, თავი დააღწიონ რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას. ამის ნაცვლად, ისინი მოიპოვებენ სრულ კონტროლს საკუთარ ელექტრო ქსელებზე და აძლიერებენ აღმოსავლეთ ბალტიის ზღვის რეგიონის და მთლიანად ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტროქსელიდან გუშინ გამოთიშეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის