„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა

საქართველოში სოციალური დემოკრატიის დამკვიდრების მოტივებით ახალი მოძრაობა - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დაფუძნდა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, მათი მიზანია, რომ საბოლოოდ, ქვეყანაში სოციალური სამართლიანობა დამყარდეს, ასევე გაძლიერდეს მიმდინარე საპროტესტო მუხტი, რომელიც ქვეყანაში ახალი არჩევნების წინაპირობა იქნება.

„დღეს ჩვენ ყველანი წინააღმდეგობის პროცესის მონაწილეები ვართ, საიდანაც ახალი საქართველო იბადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა ამ პროტესტს დამატებითი შინაარსი და მოთხოვნები სჭირდა, ის, რაც უფრო მეტ ადამიანს ჩართავს მიმდინარე პროტესტში. ადამიანებმა ამ პროცესში საკუთარი თავი უნდა დაინახონ. ჩვენ შევიმუშავეთ მანიფესტი, სადაც საუბარია ჩვენ ღირებულებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ საკითხებზე, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს და ეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია“,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მოძრობა სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

მათი თქმით, მოძრაობის წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ სამართლიან ეკონომიკურ პოლიტიკას, შრომის უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებს, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებას, თანასწორობას, სამართლიან მართლმსაჯულებას, ეწინააღმდეგებოდნენ ბუნებრივი რესურსების მიტაცებას, ასევე, მოძრაობის წევრთა ნაწილი პროფკავშირულ გაერთიანებას წარმოადგენს, ნაწილი კი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბრუნებისთვის მიმდინარე პროტესტში.

„ავტორიტარიზმის გაძლიერების, შიშისა და დაბნეულობის ფონზე, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობასა და უკეთეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ღიად და უკომპრომისოდ საუბარი. მოძრაობა ამის მიღწევას არგუმენტების თანმიმდევრული გავრცელებით, ახალი წევრების მიღებით, პროტესტის მუხტის გაძლიერებითა და ახალი აქტივობების წამოწყებით გეგმავს“,- აცხადებენ მოძრაობის სხვა წევრები.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა რუსთაველის გამზირზე, ეგნატე ნინოშვილის ბიუსტთან ასევე საზოგადოებას „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ მანიფესტიც გააცნეს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა