სასამართლოს სხდომის ნაწილობრივი ან სრულად დახურვის საფუძველი, შესაძლოა, ნარკოტიკულ დანაშაულზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში მონაწილე პირის პირადი უსაფრთხოების დაცვა გახდეს

სასამართლოს სხდომის ნაწილობრივი ან სრულად დახურვის საფუძველი, შესაძლოა ნარკოტიკულ დანაშაულზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში მონაწილე პირის პირადი უსაფრთხოების დაცვა გახდეს.

შესაბამისი ცვლილებების ასახვა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იგეგმება, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია.

ინიციატორთა განმარტებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც პირს, ნარკორეალიზატორის მხილების მიზნით თანამშრომლობა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა სურს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი ხდება, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემა ღია საჯარო სხდომაზე მოუწევს, თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, რაც ნარკორეალიზატორის მხილებას შეუძლებელს ხდის.

„ღია საჯარო სხდომაზე პროცესში მონაწილე პირების გარდა, საჯარო ხდება მოწმის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, სახეზე ცნობადობა. შესაძლებელია ბრალდებულის გულშემატკივარმა მოწმის მიმართ აგრესია გამოხატოს, მასზე ზემოქმედების მოხდენა და ანგარიშსწორება სცადოს, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას როგორც მოწმის, ასევე მისი ოჯახის წევრების პირად უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ნარკოტიკულ დანაშაულზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში მონაწილე პირის პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაძლებელი იქნება, რომ სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს