ჯანდაცვის სამინისტრო - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა.

ე.წ. VIP პალატის სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობისთვის, შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. „სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა - მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება - 350 ლარი (პირველი კატეგორიის), ან 250 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს.

სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროს ნომრის ფორმის, სამედიცინო დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობით და იზოლირებული უნდა იყოს სხვა პალატებისგან;
  • უნდა მოიცავდეს პაციენტის მოსასვენებელ სივრცეს, საოფისე სამუშაო სივრცეს, სამზარეულო სივრცეს, სააბაზანოს და ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეს;
  • აღჭურვილი უნდა იყოს პაციენტების მოვლისთვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობებით თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ტექნიკით და ინვენტარით;
  • აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ნივთებით;
  • უნდა ითვალისწინებდეს პაციენტთან თავმდგმურის დარჩენის შესაძლებლობას და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პაციენტს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და თუ მას ე.წ. VIP პალატით სარგებლობა არ სურს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ზოგადი წესის მიხედვით ისარგებლებს. პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, პაციენტს, სამედიცინო დაწესებულება მიაწვდის. ამასთან, კლინიკა განუმარტავს დამატებითი თანხის გადახდის პირობებს.

თუ სამედიცინო დაწესებულებაში, სტანდარტული პალატების არარსებობის გამო, პაციენტს ე.წ. VIP პალატაში განათავსებენ, ის დამატებით ღირებულებას არ გადაიხდის.

არჩეულ, ე.წ. VIP პალატის სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობისთვის, შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

სამედიცინო დაწესებულებაში, სიახლის ამოქმედებისთვის, მისმა ხელმძღვანელობამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს და შესაბამისი ნებართვა მიიღოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, თანაგადახდით სარგებლობას“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, უწყება ასევე ამზადებს პაციენტებისთვის რამდენიმე მიმართულებით სხვა შეთავაზებასაც.

"ფინალურ ეტაპზე ვართ იმ ნორმატიული აქტის მომზადების, რომელიც ითვალისწინებს ცალკეული სახარჯი მასალების იგივე ტიპის რეგულირების შეთავაზებას პაციენტისთვის, ასევე ეს შეთავაზება შეიძლება უკავშირდებოდეს განსაკუთრებით კვალიფიციური ექიმის მონაწილეობით მანიპულაციების ჩატარების აუცილებლობას და ა.შ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს