ბერლინის ადმინისტრაციული სასამართლოს დადგენილებით, გერმანიის მთავრობის მიერ 2023 წელს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება

ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება ეჭვქვეშ დააყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ბერლინის სასამართლოს დადგენილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანული გამოცემა Tagesschau-ს ცნობით, ბერლინის ადმინისტრაციული სასამართლოს დადგენილების თანახმად, გერმანიის მთავრობის მიერ 2023 წელს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ბერლინის სასამართლოს დადგენილების წინაპირობა ქართველი წყვილის საქმე გახდა, რომლებმაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

სასამართლოს დადგენილების თანახმად, ქართველი წყვილი ამტკიცებს, რომ „ქმარი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში ვეტერინარად მუშაობს, სამსახურიდან პოლიტიკური მიზეზების გამო გაათავისუფლეს და მასზე ანგარიშსწორება „რუსული კანონების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მოხდა. ასევე, მისი მეუღლე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო საჯარო დამსაქმებლისგან საყვედური მიიღო“.

გამოცემას ბერლინის სასამართლოს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ წყვილი გერმანიაში მათი განაცხადის შესახებ საქმის გადაწყვეტამდე დარჩება.

ამასთან, ბერლინის სასამართლო თავის დადგენილებაში მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მოიხსენიებს, რომელმაც მოლდოვის საქმესთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ქვეყანა არ შეიძლება „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად“ ჩაითვალოს, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი უსაფრთხო არ არის.

„საქართველოსთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსის მინიჭების ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის შესახებ მნიშვნელოვანი ეჭვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ორი ტერიტორია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც საქართველოს ეკუთვნის და რომლებიც სეპარატისტული ტერიტორიებია, საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არ არის. საქმე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანების უფლებების არასტაბილურ მდგომარეობას ეხება“, - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

ასევე, სასამართლო აცხადებს, რომ „რჩება კითხვა, არის თუ არა საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად დასახელება ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი LGBTIQ* პირების პოტენციური დევნის გამო“.

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს გერმანიიდან საქართველოში 1600-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო