კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის მახათას მთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობისგან დაზარალებულებისთვის გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 11 ჰექტარია.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით უკვე 2 500 პირი დაკმაყოფილდა.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საკითხი იყო პრობლემა, რომელიც ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ათეული წლების განმავლობაში 3 500-მდე დაზარალებული ოჯახი ვერ იღებდა საკუთარ ფართებს. ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავეცით დაპირება, რომ მათ აღნიშნულ პრობლემას მოვუგვარებდით - აუშენდებოდათ და საკუთრებაში გადაეცემოდათ ბინები. ამ მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამებით, დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვთ ბინები საკუთრებაში, ზოგიერთი მათგანის ბინები კი მშენებლობის პროცესშია. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ოჯახები ფართებით დასაკმაყოფილებელი, დამატებით გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 11 ჰექტარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფართებით დამატებით 300-მდე დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.

„გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება თბილისის მუნიციპალიტეტს, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დასაკმაყოფილებლად, გადმოსცეს არანაკლებ 24 100 კვ.მ საცხოვრებელი ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეგვეძლება, დამატებით დავაკმაყოფილოთ 300-მდე დაზარალებული ოჯახი. მინდა, მივმართო ბიზნეს სექტორს, ამ პროექტებით დაინტერესებულ ყველა პირს, რომ გაეცნონ შესაბამის პირობებს და მიიღონ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი