მაკა ბოჭორიშვილი - დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გვექნება შესაძლებლობა გაწევრიანების შესახებ ღია დიალოგი გვქონდეს, რაც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიაში, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ბეათე მაინლ-რაიზინგერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ავსტრიასა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განხილვისთვის კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არის. ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ეკონომიკური კავშირები გვაქვს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ავსტრიელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებებისას საქართველოსთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს შეეხო.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თქვენი მხარდაჭერისთვის ძალიან მადლობელი ვართ. ეს ნომერ პირველი გამოწვევაა, რომლის წინაშეც საქართველო დგას, მაშინ, როდესაც საქმე ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით „სუვერენული არჩევანი და ქვეყნების სუვერენული არჩევანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“.

„საქართველოს სუვერენული არჩევანი, იყოს ევროკავშირის ნაწილი, არის ის, რაც საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განაცხადის უკან იდგა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გვექნება შესაძლებლობა გაწევრიანების შესახებ ღია დიალოგი გვქონდეს, რაც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დიალოგის გარეშე ერთად მუშაობის გაგრძელება ძალიან რთულია. მჯერა, რომ საქართველო ფართო ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება და მჯერა, რომ საქართველო ევროპის უსაფრთხოების ნაწილია. ჩვენს რეგიონსა და უფრო ფართო ევროპულ რეგიონში მყარი მშვიდობის მისაღწევი გზების პოვნა გვჭირდება, რაც აუცილებელია მომავალი განვითარებისთვის, მომავალი თანამშრომლობისთვის და ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს