თეა წულუკიანი გახარიას - რამ მიგიყვანათ გადადგომის გადაწყვეტილებამდე? - სწორად მახსოვს თუ არა, რომ 15 თებერვალს გქონდათ მოთხოვნა, მეორე დღეს, როცა პლენარულზე შეიკრიბებოდა უმრავლესობა, მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნათ?

რამ მიგიყვანათ გადადგომის გადაწყვეტილებამდე? - სწორად მახსოვს თუ არა, რომ 15 თებერვალს, თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრს, გქონდათ მოთხოვნა, რომ მეორე დღეს, როდესაც უმრავლესობა პლენარულ სხდომაზე შეიკრიბებოდა, მხარი დაეჭირა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ბატონი [ნიკა] მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნათ?- ამის შესახებ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა და შს ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა.

წულუკიანის თქმით, გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება „მოწმენდილ ცაზე მიიღო“.

„მოვყვეთ ქრონოლოგიურად, რამ მიგიყვანათ გადადგომის გადაწყვეტილებამდე. ღიად ვამბობ, მაშინ გითხარით კიდეც, მგონი, მოვიწერე კიდეც გუნდში, ყოველ შემთხვევაში ასე მახსოვს, რამხელა იმედგაცრუება იყო გამოწვეული თქვენი ამ ნაბიჯით. თქვენ დიახ, იყავით ჩვენი ლიდერი. მე ვერ წარმომიდგენია, თუ მიწისძვრა მოხდა თქვენ გარშემო, ან მსგავსი რაღაც, ხომ შეიძლება ადამიანს დაემართოს მიწისძვრის მსგავსი, რომ ასე დაყაროს ყველაფერი. გუნდი, რომელიც მას ენდობა, რომელიც მას 20 ივნისის მერეც კი, შიგნით, კითხვას უსვამს, მაგრამ აგრძელებს მასთან მუშაობას. მეტი ნდობა რა უნდა გამოგვეცხადებინა? თქვენ იღებთ ამ გადაწყვეტილებას პრაქტიკულად მოწმენდილ ცაზე და ტოვებთ თანამდებობას. შემდგომ ვერსიები არის მრავალგვარი. 15 თებერვალს, სწორად მახსოვს თუ არა, რომ თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრს, გქონდათ ასეთი მოთხოვნა, პოზიცია და მხარს უჭერდით, რომ მეორე დღეს, როდესაც შეიკრიბებოდა უმრავლესობა პლენარულ სხდომაზე, მხარი დაეჭირათ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ბატონი მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნათ?“, - განაცხადა წულუკიანმა.

თავის მხრივ, აღნიშნული კითხვის საპასუხოდ, გახარიამ დაადასტურა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელი თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს უჭერდა.

„დიახ, მქონდა ეს პოზიცია. მეტსაც გეტყვით, მაშინ არ მახსოვს რა თანამდებობაზე იყო [საუბარი].. დეპუტატებთან რაღაც პრობლემები იყო, ყველა არ ეთანხმებოდა. მაშინ კობახიძე მოვიდა ჩემთან კაბინეტში, ძალიან კარგად მახსოვს, მთხოვა, მე მივსულიყავი პარტიაში, მესაუბრა დეპუტატებთან. მითხრა, რომ დეპუტატების დათანხმება საკმაოდ რთულია ამ იმუნიტეტის მოხსნაზე, არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ და მჭირდება შენი მხარდაჭერა, რომ იქნებ ეს ხალხი დავარწმუნოთო. მე ვუთხარი - არანაირი პრობლემა არ არის. მივედი, ეს შეხვედრა შედგა, იმავე პოზიცია დავაფიქსირე. დიახ, მე ეს პოზიცია მქონდა“,- განაცხადა გახარიამ.

ამის შემდეგ, წულუკიანმა გახარიას კითხა, ადასტურებდა თუ არა ის, რომ შეხვედრაზე დეპუტატები კითხულობდნენ, აღასრულებდა თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება მელიას დაკავებას, მისთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ. საპასუხოდ, გახარიამ აღნიშნა, რომ „ვეთანხმები ასე იყო. ორი კითხვა იყო - აღასრულებთ თუ არა და უცხოეთი, ევროპა რას იტყვისო, ამაზე ღელავდნენ“.

თავის მხრივ, ამავე თემაზე საუბრისას, კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „შეხვედრაზე იმ ხარისხის დამაჯერებლობა იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან და ისე დასრულდა შეხვედრა, რომ იქ „ეჭვის ნატამალი არ შეჰპარვია არავის, რომ ამ გადაწყვეტილებას მაშინდელი აღმასრულებელი ხელისუფლება აღასრულებდა“. თავის მხრივ, აღნიშნული თავად გახარიამაც დაადასტურა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა