ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი - ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 150-ე დღისთვის ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების ორპარტიული ჯგუფი ქართველი ხალხის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანას იზოლაციაში აქცევს და საქართველოს რეპრესიის მომავლისთვის წირავს.

ამასთან, კონგრესმენებისა და სენატორების წერილში ნათქვამია, რომ თუ საქართველო გააგრძელებს ავტოკრატიისკენ სვლას, „ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების მყარად ერთგულია“.

ისინი მოუწოდებენ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შეუერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნას.

“ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების ზედიზედ 150-ე დღეა, მათი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ქართველი ხალხის მყარი ერთგულების არაჩვეულებრივი გამოხატულება. ამაყი ვართ გვერდში ვედგეთ ქართველ ხალხს, როდესაც ისინი უარს ამბობენ დაუთმონ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებები არალეგიტიმურ რეჟიმს….

“ქართული ოცნება” ძალაუფლებას ებღაუჭება ქართველებისთვის უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევით, რომლებიც ძვირფასია დემოკრატიული საზოგადოებებისთვის. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესირებით, “ქართული ოცნება” ქვეყანას იზოლაციაში აქცევს ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან და საქართველოს რეპრესიის მომავლისთვის წირავს, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან კავშირში.

საქართველოს ცოცხალმა დემოკრატიულმა სულისკვეთებამ თავის დროზე ის რეგიონში იმედის შუქურა გახადა. თუ საქართველო გააგრძელებს ავტოკრატიისკენ სვლას, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების მყარად ერთგულია. ამავდროულად, თავისუფლებისთვის ათწლეულების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ ქართველებს რუსეთის მიერ კონტროლირებული ავტორიტარული მთავრობის პირობებში ტანჯვისთვის მივატოვებთ. ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში. ამის არგაკეთება არა მხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებსა და ოცნებებს უღალატებს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას”, - ნათქვამია წერილში.

წერილის ხელმომწერები არიან აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები: სენატორი როჯერ უიკერი (კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი ჯო უილსონი (კომისიის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტია), სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი ჯონ კორნინი (რესპუბლიკური პარტია).

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია