პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

დეპუტატებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს 79-ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კანონის პროექტი მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში დაკორექტირდა. ცვლილება კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის ე.წ. მემკვიდრე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადებს შეეხო.

უფრო კონკრეტულად, პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ამასთან, პარლამენტში ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა გადასცდენოდა, საარჩევნო პერიოდში კი - 14 დღეს.

დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ეს ვადა როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდისთვის მხოლოდ 14 დღით იქნება განსაზღვრული.

„ეს არის ლოგიკური ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. მშობელი - ძირითადი პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე უკვე ნამსჯელი ექნება და უნდა ვივარაუდოთ, რომ სათანადო გადაწყვეტილებაც არსებობს, გამომდინარე აქედან, დასადგენი იქნება ე.წ. მემკვიდრე პარტიის საქმიანობის არსის და პერსონალური შემადგენლობის იდენტურობა, რაც დიდ დროს არ მოითხოვს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა საკითხის მეორე მოსმენით წარდგენისას.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს