„მოდულის“ შენობიდან როდესაც გადავყავდით გლდანის საპყრობილეში, გზაში ერთ-ერთი მეუბნება, რომ ეს გზა კარგად დაათვალიერე, ეს არის, რასაც ბოლოს შენ ხედავ, აქედან ცოცხალი ვერ გამოხვალ, არანაირი შანსი არ გაქვსო. გლდანის საპყრობილე ეს არ იყო ციხე, ეს იყო ჩვეულებრივი „კონცლაგერი“, ადამიანების წამებით, განადგურებით,- ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ, 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
აბდალაძის განცხადებით, გლდანის ციხის სახით „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში პატარა საქართველო ჰქონდა, სადაც ადამიანის ღირებულება და ფუნქცია იყო ნული.
„დღეს რომ სასამართლო პროცესზე გაღიმებული გამოდიან და მთელი ოვაციებით ხვდებიან, ძალიან მიხარია ეს ამბავი, იმიტომ, რომ მართლა ასე უნდა იყოს. პატიმარი არ უნდა იყოს არასდროს იმ მდგომარეობაში, რა ჯოჯოხეთიც ჩვენ და უამრავმა ადამიანმა გაიარა. ესეც ზუსტად იმ პოლიტიკური ძალის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 2012 წელს, ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. სასამართლოში გაღიმების კი არა, სასამართლოს ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებს, ან დაიჭერდნენ, ყველაზე მცირე, გააგდებდნენ.
შეგვიყვანეს გლდანის საპყრობილეში. ის იყო საქართველოში კიდევ პატარა საქართველო, რომელიც იყო პირადად ამათი [„ნაციონალური მოძრაობის“] მფლობელობაში, სადაც ადამიანის ღირებულება და ფუნქცია იყო ნული. ადამიანი სრულიად არაფრად მიაჩნდათ. რომ შედიხარ, იქვე გრძნობ ამას. რაღაც ხომ უნდა შეავსო, მიჰყავხარ გინებით, წიხლებით, გაფურთხებენ.
ჩვენ პირდაპირ „ფუქსებში“ გადაგვიყვანეს, ფუქსი არის მეტრი მეტრზე, იატაკზე ვიწექით, რომ გვესუნთქა. ფიზიკურად რომ ადგე ფეხზე, ჟანგბადი არ არის“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
გიორგი აბდალაძის თქმით, მას ციხეში შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ.
„საკანში შუქი არასდროს ქრებოდა. ყოველ ღამე გავყავდით საკნიდან, ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი, რომ შვილს მოგიკლავ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. ჩემი ძმების სურათებს მაჩვენებდნენ, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, მივყვებით ყველა დანარჩენს, შენი ბავშვი დღეს სკოლიდან რომ გამოვიდა, მარშრუტს გეტყვი, ზუსტად, სად იარაო. მე ვუთხარი, რად მინდა, ამას რომ მეუბნები-მეთქი? აი, იცოდე, რომ გაგანადგურებთ ყველანაირად, ოჯახის წევრებიანადო. ეს მიმდინარეობდა რამდენიმე დღე“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, გლდანის ციხეში პატიმრებს საჭმელში უფურთხებდნენ, რომ არ ეჭამათ. ამასთან, მან ისაუბრა მისი შიმშილობის შესახებ.
„5 დღე საჭმელს არ ვჭამდი. პატიმარს საჭმელში ჩაუფურთხეს. გლდანის ციხეში პატიმრებს ისე ეპყრობოდნენ, ეს არაადამიანები, რომ პატიმარს საჭმელი არ ეჭამა. პატიმარს ეუბნება, ეს თუ შიმშილობს, შენ რატომ ჭამო და აიღო და ჩაუფურთხა საჭმელში და დაუდო. მე რომ ამაზე პროტესტი გამოვთქვი, ამ პატიმარმა მთხოვა, გეხვეწები ხმა არ ამოიღოო, მოგვკლავენ ცემაში, გაგვიყვანენ და საშინელ დღეში ჩაგვაგდებენო“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"