ანდრეი სიბიგა - რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას

მოსკოვი ხელიდან უშვებს კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ ბოლო მოუღოს მკვლელობებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი ომის გახანგრძლივებაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ონლაინ ფორმატში დაესწრო.

მისი თქმით, რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას და ფრონტის ხაზის გასწვრივ უკრაინული პოზიციების შეტევას აგრძელებენ.

„უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ყველა ღონეს ხმარობს ომის დასასრულებლად და დიპლომატიისთვის შანსის მისაცემად. პრეზიდენტი ზელენსკი პუტინთან პირადად შეხვედრის შეთავაზებითაც კი გამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა. ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ნაბიჯები, მათ შორის რუსეთის საბანკო, ცენტრალური ბანკისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ სანქციები, უკრაინისთვის თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტებთან ერთად. პუტინმა უნდა გაიგოს სამშვიდობო მცდელობების უარყოფისა და ომის გაგრძელების შედეგები”, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე შემდგომ ნაბიჯებზე, კონტაქტებსა და ძალისხმევაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, დღეს ლონდონში ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც უკრაინის საკითხი განიხილეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს