ირაკლი კობახიძესთან რამდენიმე თვე ვთანამშრომლობდი რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მოგვიანებით, იყო საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებული გარემოებები, აზრთა სხვადასხვაობა... გასული წლის აპრილში დავტოვე თანამდებობა, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის “ჯეოქეისის” მრჩეველმა, დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა შალვა ლომიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
როგორც ლომიძემ განმარტა, აზრთა სხვადასხვაობა დაზვერვის სამსახურის სამომავლო განვითარების პერსპექტივებთან ერთად, პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხებსაც ეხებოდა.
“დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. შარშან აპრილში დავტოვე თანამდებობა. ამის მიზეზი რიგ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გახდა - დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ექვემდებარება უშუალოდ პრემიერ-მინისტრს. (ირაკლი კობახიძესთან) რამდენიმე თვე ვთანამშრომლობდი რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მოგვიანებით, იყო საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებული გარემოებები - სამსახურის სამომავლო განვითარებას, მის პერსპექტივებს, მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებს, რიგ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებს, პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხებს ეხებოდა ეს თემები. შემდეგ დაინიშნა ირაკლი ბერაია.
დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა არის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების შექმნა, განვითარება და გაფართოება. რეალურად, ის ამოცანები, ის საკითხები, რომლებიც დაზვერვის სამსახურის წინაშე დგას, დიდწილად მოიცავს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების შექმნას, მის ოპერირებას ქვეყნის გარეთ. მისი აქტივობა არანაირად არ არის დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიასთან, მისი მთელი მოქმედებები ხორციელდება საზღვარგარეთის პირობებში.
სუს-ი ოპერირებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, აგენტის გამოვლენა და მის წინააღმდეგ მოქმედებები არის სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის პირდაპირი ამოცანა, დაზვერვის სამსახურის ამოცანა არის მოიპოვოს ინფორმაცია, პირობითად, სხვა ქვეყნის სპეცსამსახური სად ამზადებს აგენტს, რა ტიპის მექანიზმები შეიმუშავა მოწინააღმდეგეს სპეცსამსახურმა, რათა განახორციელოს გარკვეული ტიპის მოქმედებები საქართველოსთან მიმართებაში”, - განაცხადა შალვა ლომიძემ.
დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, მისი აზრით, ამ უწყების სუს-თან ინტეგრირება გადაწყვეტილების მიმღებ პირს მისცემს საშუალებას, საშინაო და საგარეო საკითხები ერთ კონკრეტულ ჯგუფთან კომუნიკაციით მოაგვაროს.
“სავარაუდოდ, ხდება კონსოლიდაცია ყველა ძალებისა და საშუალებების ერთი კონკრეტული ორგანიზაციის ქვეშ, ვინაიდან დაზვერვის სამსახურს გააჩნია გარკვეული ოპერატიული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოქმედია ქვეყნის გარეთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია საკმაოდ საინტერესო, მრავალმხრივი, მრავალპროფილური და საკმაოდ ეფექტიანი ინფრასტრუქტურა ქვეყნის შიგნით და მათი ერთობლიობა, რეალურად, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთ კონკრეტულ პირთან ან ერთ კონკრეტულ ჯგუფთან კომუნიკაციით ერთდროულად გადაწყვიტოს საშინაო და საგარეო საკითხები - ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა, გავითვალისწინებთ რა ქართულ რეალობას, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედებები, ალბათ ეს იქნება ის მიზეზი, რის გამოც ხდება დაზვერვის სამსახურის ინტეგრაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ვინაიდან თემა ამ საკითხს ეხება, ვიტყვი, რომ ასეთი მცდელობა იყო 2017 წელს, როდესაც დაზვერვის სამსახურის შეერთება იყო ინიციირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში, თუმცა იმ დროს ჩატარებული შიდა კონსულტაციებით, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან არსებული დისკუსიების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამსახური გააგრძელებდა დამოუკიდებლად ფუნქციონირებას, გაიზარდა მისი ოპერატიული, ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური ბაზა და, რეალურად, სამსახურმა განვლილ წლებში შეძლო მის წინაშე არსებული ამოცანების, საკითხები გადაწყვეტა და კარგი ინფრასტრუქტურის შექმნა სამომავლო განვითარებისთვის”, - აღნიშნა ლომიძემ.
კითხვაზე, რატომ არის აუცილებელი, რომ დაზვერვის სამსახური ცალკე იყოს და არ იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქოლგის ქვეშ მოქცეული, ლომიძემ განმარტა, რომ დასავლური სტანდარტებით, ყველა დიდი წამყვანი სახელმწიფოს სადაზვერვო ორგანიზაციები დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურებია. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ სხვადასხვა არხიდან სხვადასხვა ინფორმაცია მიიღონ.
“ჯობია ეს სამსახური იყოს ცალკე, თუ მივისწრაფვით დასავლური სტანდარტებისკენ. ძირითადად, დიდი წამყვანი სახელმწიფოების სადაზვერვო ორგანიზაციები არის ცალკე მოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურები. გაჟღერდა მოსაზრება, რომ თითქოს დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთი და იგივე საკითხის გადაწყვეტას ემსახურება და ეს ნამდვილად არ არის ასე, განსხვავებული თემატიკაა, განსხვავებული მუშაობის ტაქტიკა, განსხვავებული მოქმედების არეალები არსებობს, შესაბამისად, დაზვერვის სამსახურის მეშვეობით სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ აქტიურად ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან. თავისუფალი იყო თავის გადაწყვეტილებებში, უშუალოდ ექვემდებარებოდა კონკრეტულად პრემიერ-მინისტრს. ჩემი სუბიექტური აზრია, მათ შორის, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ მათ ჰქონდეთ სხვადასხვა არხიდან სხვადასხვა ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა”, - განაცხადა შალვა ლომიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"