ევროკავშირის საბჭომ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ერთობლივი შესყიდვებისთვის 150 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის მოქმედების ინსტრუმენტის (SAFE) შექმნას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

SAFE ევროკავშირის ახალი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც მხარს დაუჭერს იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც სურთ ინვესტიციების განხორციელება თავდაცვის სამრეწველო წარმოებაში საერთო შესყიდვების გზით, პრიორიტეტულ შესაძლებლობებზე ფოკუსირებით.

„SAFE დააფინანსებს სასწრაფო და მასშტაბურ ინვესტიციებს ევროპის თავდაცვის ტექნოლოგიურ და სამრეწველო ბაზაში (EDTIB). მისი მიზანია წარმოების სიმძლავრეების გაზრდა, საჭიროების შემთხვევაში თავდაცვითი აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და არსებული შესაძლებლობების ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საბოლოო ჯამში, ევროკავშირის თავდაცვის საერთო მზადყოფნის გაძლიერებას გამოიწვევს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, SAFE ევროკავშირს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო დაუჭიროს მხარი უკრაინას მისი თავდაცვის ინდუსტრიის ინსტრუმენტთან თავიდანვე დაკავშირების გზით.

SAFE-ის მეშვეობით ევროკავშირი გამოყოფს 150 მილიარდ ევრომდე თანხას, რომელიც დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოებს მოთხოვნისამებრ და ეროვნული გეგმების საფუძველზე გადაეცემათ. გაცემული თანხები კონკურენტუნარიანი ფასის მქონე გრძელვადიანი სესხების სახით გაიცემა, რომელთა დაფარვასაც ბენეფიციარი წევრი სახელმწიფოები განახორციელებენ.

სესხების მისაღებად ბენეფიციარ წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ საერთო შესყიდვების განხორციელება, რომელშიც მინიმუმ ორი მონაწილე ქვეყანა იქნება ჩართული.

ამასთან, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და თავდაცვის აღჭურვილობაში მასიური ინვესტიციების გადაუდებელი საჭიროების საპასუხოდ, SAFE ასევე დაუშვებს შესყიდვების განხორციელებას, რომელშიც მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო იქნება ჩართული შეზღუდული ვადით.

SAFE ასევე, საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს, კანდიდატ ქვეყნებს, პოტენციურ კანდიდატებს და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირთან თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებები აქვთ გაფორმებული, საერთო შესყიდვებს შეუერთდნენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა