აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა. აღნიშნული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა.

როგორც გამახარიამ საუბრისას აღნიშნა, მათ გიორგი ჯინჭარაძის დანიშვნის თანხმობის მისაღებად, საქართველოს მთავრობას უკვე მიმართეს.

„გიორგი ჯინჭარაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, რომელსაც მანამდე ჩვენს სტრუქტურებში რამდენიმე წლის განმავლობაში უმუშავია, წარდგენილია მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება სჭირდება. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოგვცეს თანხმობა მის დანიშვნაზე. თანხმობის შემდეგ, გიორგი ჯინჭარაძე წარმოადგენს პროგრამას, მთავრობის ახალ შემადგენლობას, შემდეგ ჩვეულებრივი პროცესია- განხილვები კომიტეტებში და ბოლოს, პლენარული სხდომა, სადაც მთავრობა დამტკიცდება. პლენარული სხდომა 10 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს“,- განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა