ზურაბ ჯაფარიძე - ოქტომბერში დაგეგმილი რაღაც, არჩევნები არ არის, ტყუილია - ტყუილში მონაწილეობის მიღება, ტყუილში გასვრა აწყობს რეჟიმს - არ შეიძლება ტყუილში მონაწილეობა, არასდროს, თუნდაც ეს თავისუფლების ფასად დაგიჯდეს ან უარესად

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს.

ოპოზიციონერი წერილში აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ტყუილის ნაწილად გახდომაა.

„რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი, თუმცა არასაკმარისი საყრდენი არის ტყუილი.

არასაკმარისი იმიტომ, რომ არ იჯერებს საკმარისი რაოდენობის ქართველი, რომ წაქცეულის ცემა „მოსულა“, პატარა გოგოს ცემა „მოსულა“, 10 კაცის მიერ ერთის გაწიხლვა მოსულა, ფეხმძიმე ქალთან უთენია სახლში შევარდნა „მოსულა“, მინივენებში ახალგაზრდების წამება „მოსულა“ და ა.შ

ამიტომ სჭირდებათ ბევრი კუნთმაგარი გონებაჩლუნგი - ტყუილს ძალა და სისასტიკე თუ არ დაახმარეს, ჩამოიშლებიან. და მაინც, მთავარი არის ტყუილი. ტყუილი არის ამ და ასეთი რეჟიმების არსი. ყოფილი KGB-შნიკები და რაიკომის მდივნები გახდნენ მორწმუნეები.

კრიმინალები - ეპისკოპოსები; პედოფილები - ტრადიციული ღირებულებების დამცველები; მოძალადეები - ქრისტიანები; პოლიციელები - დამნაშავეები; ხალხი, რომლებსაც იმდენად არ სჯერათ ამ ქვეყნის მომავლის, რომ შვილებს უცხოეთში აჩენენ - პატრიოტები; იტყუება ყველა, რიგითი პოლიციელით დაწყებული, მოსამართლით დამთავრებული, ჟურნალისტი, ექსპერტი, პროკურორი, პარლამენტარი, მინისტრი, გამგებელი და ა.შ, ყველა იტყუება, ყველა ბუტაფორიაა, როგორც საბჭოთა კავშირში იყო.

რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს ათობით ათასი, შეიძლება ასობით, ადამიანის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, ნებაყოფლობითი თანხმობა - მონაწილეობა მიიღოს ტყუილში. სასამართლო პროცესი? - ტყუილია! გამოძიება? - ტყუილია! არჩევნები? - ტყუილია! ევროპისკენ სიარული? - ტყუილია! ყველაფერი ტყუილია!

მაგრამ ეს ტყუილები ცოცხლობს იმიტომ, რომ მასში ადამიანები იღებენ მონაწილეობას. ვიღაცას დააჯერეს, ვიღაცას ეშინია, ვიღაცას ჰგონია, რომ ის მაინც ვერაფერს შეცვლის, ამიტომ „მოსულა“.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა ასეთი რეჟიმის პირობებში, არის სიმართლის თქმა და ტყუილში არ მონაწილეობა.

არაფრის ისე არ ეშინია რეჟიმს, როგორც სიმართლის.

ერთი მართალი ადამიანი უფრო დიდი პრობლემაა მათთვის, ვიდრე 100 კუნთმაგარი. ამიტომ კლავენ სიტყვის თავისუფლებას სხვადასხვა კანონებით. კანონებით უნდათ დაადგინონ საკუთარი „სიმართლე”, ანუ დააკანონონ ტყუილი, რადგან მარტო „იმედი“ და „პოსტვ“ ვერ ერევა რეალობას.

ტყუილში არ მონაწილეობა არის მინიმუმი. ეს უკვე თავისთავად არის ბრძოლა. პირველი, ვინც ამას უნდა აკეთებდეს და მაგალითს აძლევდეს სხვებს - არიან პოლიტიკოსები.

ოქტომბერში დაგეგმილი რაღაც, არჩევნები არ არის. ტყუილია. ტყუილში მონაწილეობის მიღება, ტყუილის ნაწილად გახდომაა, ტყუილში გასვრა - აწყობს რეჟიმს. არ შეიძლება ამის გაკეთება“, - წერს ჯაფარიძე.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა