ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს, რომლის სამიზნეც ენერგეტიკისა და საბანკო სექტორები იქნება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს, სამიზნეში რუსეთის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორები იქნება ამოღებული. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებენ.

“რუსეთის მიზანი მშვიდობა არ არის, მისი მიზანია, ძლიერების მმართველობის დაწესება. შესაბამისად, რუსეთზე ზეწოლას ვზრდით, ვინაიდან, ძალა ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის…

ჩვენი მესიჯი ცხადია: ეს ომი უნდა დასრულდეს. ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან სერიოზული წინადადებით უნდა მოვიდეს. ვინაიდან, დღეისთვის ის მშვიდობის მიღწევის სურვილს არ აჩვენებს, რუსეთზე ზეწოლას გავაძლიერებთ, მათ შორის მეტი ძლიერი სანქციებით. შესაბამისად, ძლიერი სანქციების მე-18 პაკეტის წინადადებით გამოვდივართ. სამიზნეში ორ სექტორს ვიღებთ. რუსეთის ენერგეტიკის სექტორს და რუსეთის საბანკო სექტორს. ვაფართოებთ საექსპორტო აკრძალვებსა და კონტროლს, და ვაძლიერებთ [სანქციების] გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

წინადადების თანახმად, შემოთავაზებულია “ჩრდილოეთ ნაკადი - 1-სა” და “ჩრდილოეთ ნაკადი - 2-ის” წინააღმდეგ პირველად სატრანზაქციო აკრძალვის შემოღება, რომლის შედეგადაც ევროკავშირის არცერთ ოპერატორს არ შეეძლება “ჩრდილოეთ ნაკადის” მილებთან დაკავშირებით პირდაპირ ან არაპირდაპირ გარიგებებში ჩართვა.

ასევე შემოთავაზებულია რუსული ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული ზედა ჭერის ბარელისთვის 60 აშშ დოლარიდან 45 აშშ დოლარამდე ჩამოწევა. განცხადების თანახმად, ახლა რუსული ნავთობი ზედა ჭერის დონესთან ძალიან მიახლოებულ ფასებში იყიდება და მისი ჩამოწევა ევროკავშირს შეცვლილ საბაზრო პირობებთან ადაპტირებისა და ზედა ჭერის ეფექტიანობის აღდგენის საშუალებას მისცემს.

საბანკო სექტორთან დაკავშირებით, შეთავაზებულია არსებული SWIFT სისტემის გამოყენების აკრძალვის “სრულ სატრანზაქციო აკრძალვად” გადაქცევა და მისი კიდევ დამატებით 22 რუსულ ბანკზე გავრცელება.

ასევე, წინადადება ეხება ზემოხსენებული სატრანზაქციო აკრძალვის მესამე ქვეყნებში ფინანსურ ოპერატორებზე გავრცელება, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობის დაფინანსებას სანქციებისთვის გვერდის ავლით ახდენენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის