ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და აქტივისტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებული „პოსტების“ გამო სასამართლოში იბარებენ - შსს-ში ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტები, ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებენ.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სასამართლოში დაბარებულები არიან: მისი შვილი, აქტივისტი - მარიამ გეგუჩაძე, ტელეწამყვანი ვახო სანაია, ტელეწამყვანი - ვიკა ბუკია, აქტივისტი - ანა სუბელიანი, ტელეწამყვანი - ეკა მიშველაძე, ოპოზიციონერები - ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, "საფარის" დამფუძნებელი - ბაია პატარაია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი - დეა მამისეიშვილი.

ასევე, სასამართლოშია დაბარებული ოპოზიციონერი ლევან ხაბეიშვილი.

ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოაქვეყნა “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც, სადაც ჩანს, რომ სასამართლოდან დაურეკეს და მამუკა მდინარაძისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფის გამო დაიბარეს.

ჩერგოლეიშვილი არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას, ოფიციალური დოკუმენტის წარდგენამდე, სადაც განმარტებული იქნება დაბარების ოფიციალური მიზეზები.

ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი კი აცხადებს, რომ ის სასამართლოში უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის გამოა დაბარებული.

“ხვალ სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე. მამუკა მდინარაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და შსს-მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ“, - წერს მამისეიშვილი და დასძენს, რომ უჩივიან 25 თებერვლის პოსტის გამო.

ასევე, ტელეწამყვან ეკა მიშველაძის განმარტებით, მას სასამართლოდან არავინ შეხმიანებია, თუმცა სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე მისი სახელი და გვარი წერია და პროცესია ჩანიშნული.

“ხალხო, სასამართლოს ვებ-გვერდზე წერია, რომ ხვალ 16:00 საათზე ეკატერინე მიშველაძის პროცესია. ოღონდ, ჩემთვის არც არავის დაურეკავს და არც შეტყობინება მომსვლია! ნეტავ მე ვარ თუ სხვა ეკატერინე მიშველაძეა?”, - წერს ტელეწამყვანი.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების საქმეზე დაიწყო.

კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16) მუხლის საფუძველზე. აღნიშნული კი გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული საქმის მასალები დღეს, 11 ივნისს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო