მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - დონალდ ტუსკი ცდილობს მოძებნოს კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს ქართველ ხალხზე, ხელისუფლებაში მოიყვანოს მარიონეტები და აგენტურული ძალები, ვისთვისაც საქართველო და ქართველი ხალხის ინტერესი არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.
მისი თქმით, “მათ ევროკავშირში მეგობრები ჰყავთ, რომლებიც არ დაუშვებენ იმ მოცემულობის რეალიზებას, რაც დონალდ ტუსკს სურს.”
„მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არის. ტუსკი ცდილობს, მოძებნოს კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს ქართველ ხალხზე და ხელისუფლებაში მოიყვანოს მარიონეტები და აგენტურული ძალები, ვისთვისაც საქართველო და ქართველი ხალხის ინტერესი არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას და მხოლოდ საკუთარი და პატრონების ინტერესით აკეთებენ გასაკეთებელს. ეს არის ის დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ დონალდ ტუსკის განცხადებაზე, რომ მოახდინოს ზეწოლა ქართველ ხალხსა და იმ მონაპოვარზე, რომელიც არის ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“.
2010 წელს, როდესაც დიპლომატიური პასპორტები მიანიჭეს სააკაშვილს და მის ბანდას, ქართველი ხალხი იყო ამ პასპორტების გარეშე და ვერ მოძრაობდა ევროპაში ვიზის აღების გარეშე. ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქართველმა ხალხმა ეს ღირებულება მოიპოვა. დღეს კი იმისთვის, რომ ქვეყანაში კვლავ დესტაბილიზაციის კერები შეიქმნას, ტუსკი არ ერიდება და აკეთებს ამგვარ განცხადებას. რეალურად, ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა მით უმეტეს ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა. ამიტომ, ჯერ ერთი - ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირში მეგობრები გვყავს, რომლებიც არ დაუშვებენ იმ მოცემულობის რეალიზებას, რაც ტუსკს სურს. მეორე საკითხი და აშკარა მოცემულობა არის ის, რომ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე წელი გავიდა, საქართველოს პროქსი ქვეყნად, საზარბაზნე ხორცად გამოყენების საკითხი დღის წესრიგიდან არ ჩამოდის. ამის ერთადერთი შესაძლებლობა არის მაშინ, თუკი სააკაშვილის სახით ხელისუფლებაში კრიმინალური ბანდა დაბრუნდება. ის განცხადება, რომელიც, სამწუხაროდ, ტუსკიმ გააკეთა, მეტს არაფერს არ ემსახურება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა.
კერძოდ, ტუსკის თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს.
პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან.
ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ იმ ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"