დღეს არის სამარცხვინო დღე, სამარცხვინო დღე საქართველოსთვის, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მათე დევიძე დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენ ისტორიაში და მას საზოგადოება არ დაივიწყებს.
„იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, გერბი და იუსტიციის ქანდაკება - სამივეს შეურაცხყოფაა. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აწესებენ, რეალურად, დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას და რომელიც აქ არ დგას, საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს, რადგან ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა არ არის. ამის ფასს ყველა გადაიხდის ხვალ, ზეგ. ის ადამიანები, რომლებიც ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ტაშს უკრავენ, ის მოსამართლე, პროკურორი, რომლებიც ამ დარბაზში სხედან, არ ვიცი როგორი მომავალი ექნებათ მათ. მე ვიცი რა მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენ ისტორიაში, ჩვენ მას არ დავივიწყებთ. ის იქნება ჩვენი ღირსების სიმბოლო, ხოლო ისინი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა.
ცნობისთვის, მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"