ბექა ბასილაია - საგამოძიებო კომისია ეს არის „ბირჟა“, რომელსაც ახირების, პოლიტიკური შურის და ბოღმის გამო შეუძლია ტყუილზე დაასმინოს ადამიანები და ციხეში გაუშვას

[პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია] ეს არის „ბირჟა“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი წესი და თავისი ახირების, პოლიტიკური შურის და ბოღმის გამო შეუძლია ტყუილზე დაასმინოს ადამიანები და ციხეში გაუშვას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, გიორგი ვაშაძეს უწყება გამოცხადებასთან დაკავშირებით არ ჩაბარებია.

„დღეს გამომძიებელმა სასამართლოში დაადასტურა ის, რაზეც მრავალი თვეა ვსაუბრობთ, ამ საქმეს იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. ამ საქმეზე არც ერთი ფორმალური, პროცედურული წესი დაცული არ არის, ამ საქმეს მხოლოდ ადმინისტრაციული შეფასება შეიძლება მისცემოდა. ამავდროულად, ვაშაძეს არ ჩაბარებია არავითარი უწყისი, თუმცა ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია პარლამენტის წარმომადგენლის ჩვენება, მადლობა მას გულწრფელი ჩვენებისთვის. მისი ჩვენებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეს კომისია არ მოქმედებს არც პარლამენტის რეგლამენტის, არც საქართველოს კონსტიტუციის, არც ამ კომისიის შესაბამისად. ეს არის „ბირჟა“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი წესი და თავისი ახირების, პოლიტიკური შურის და ბოღმის გამო შეუძლია ტყუილზე დაასმინოს ადამიანები და ციხეში გაუშვას. ეს არ არის ჩემი მხრიდან უტრირება, ყველა ეტაპს, ყველა ელემენტს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით, მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ წულუკიანის და მისი „შულავერის კომიტეტის დასმენები ტყუილებს, სიცრუეს და პროცედურების ფეხებზე დაკიდებას ეფუძნება“, - განაცხადა ბასილაიამ.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა