უსაფრთხოების სამსახური არ ეთანხმებოდა, [ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას] რადგან არ იყო შესაბამისი კოორდინაცია - ჩორჩანაზეც რომ ყოფილიყო ანალოგიურად კოორდინაცია ყველა სამსახურთან, ვფიქრობ, გარკვეული ეტაპების განხორციელების შემდეგ, ჩვენს მიზანს მივაღწევდით , - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ გენერალურ პროკურატურაში ჟურნალისტებს ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვის დასრულების შემდგომ განუცხადა.
როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით, „ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ“.
„მანამდე მომხდარ შეთანხმებაზეც [გორისა და საჩხერის რაიონებში ჩადგმული საგუშაგოები], რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობები. ამას არ ეთანხმებოდა სეპარატისტული ხელისუფლება, არ ეთანხმებოდა რუსეთის მხარე, მაგრამ ჩვენი არგუმენტებით შევძელით, მტკიცებულება [გვქონოდა] იმისა, რომ იქ ადამიანების უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც ქართული მხარის, ისე ოსური მხარისთვის, ეს აუცილებელი იყო სიმშვიდის შენარჩუნების თვალსაზრისით.
ჩორჩანაზეც რომ ყოფილიყო ანალოგიურად კოორდინაცია ყველა სამსახურთან, ვფიქრობ, რომ გარკვეული ეტაპების განხორციელების შემდეგ, ჩვენ მიზანს მივაღწევდით. უსაფრთხოების სამსახური არ ეთანხმებოდა იმიტომ, რომ არ იყო შესაბამისი კოორდინაცია.
ჩორჩანას საგუშაგოთი ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი. 100 ჰექტარი ტყე, ეს არის მილიონი კვადრატული მეტრი. ხაშურის რაიონის რამდენიმე მოსახლე, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ იყო, დარჩა საოკუპაციო ხაზს მიღმა. გარდა ამისა, ჩვენ, ამ შემთხვევაში, ქართულმა მხარემ, დავდგით ერთი საგუშაგო და მოწინააღმდეგე მხარისგან დაიდგა 5 საგუშაგო და ერთი მოძრავი პოსტი. ეს მივიღეთ ჩვენ და ეს რეალობა გვაქვს“,- განაცხადა ტაბატაძემ.
ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, „ყველა ეტაპი, რომელიც საოკუპაციო ხაზს ეხება, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იყოს შეთანხმებული, შესაბამისი არგუმენტები მოყვანილი და ამის შემდგომ მოხდეს განხორციელება“
„აქ იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ეტაპები. შეთანხმებულიც იყო, რომ გზის გარკვეული ნაწილი უნდა მოწესრიგებულიყო. აქ მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ საგუშაგოს მდებარეობა და მისი როლი საოკუპაციო ხაზთან და მისასვლელი გზა და გზაზე პატრულირება. ეს სხვა მიმართულებაა და პატრულირება მეორე. ყველა ეტაპი, რომელიც საოკუპაციო ხაზს ეხება, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იყოს შეთანხმებული და შესაბამისი არგუმენტები მოყვანილი და ამის შემდგომ მოხდეს განხორციელება“,- აღნიშნა ტაბატაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ვისგან გაიგო მან საგუშაგოს შესახებ, ტაბატაძემ აღნიშნა, რომ გაიგო მას შემდეგ, რაც სუს-ის უფროსთან „შეკრებები იმართებოდა და ასევე, მას შემდეგ, რაც მდგომარეობა დაიძაბა“.
„მე გავიგე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თუნდაც სამსახურის უფროსთან შეკრებები იმართებოდა. როდესაც ვნახეთ, რომ იქ მდგომარეობა დაიძაბა, სეპარატისტულმა რეჟიმმა იქ რამდენჯერმე შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებს, შემდეგ იყო ისეთი ინფორმაცია, რომ მძიმე ტექნიკა გამოიყვანესო. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო დეესკალაციის თვალსაზრისით. ეს იყო რეალური სიტუაცია.
ჩვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორ უნდა შეგვეწყვიტა [საგუშაგოს ჩადგმის პროცესი]. მე მამუკა ბახტაძესთან წვდომა არ მქონდა“,- აღნიშნა ტაბატაძემ.
მისივე თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შემდგომ იქ „სიტუაციის შეცვლა ვერ მოხერხდა“.
„საოკუპაციო ხაზი გადმოწეულია და თქვენ უახლოეს მომავალში გექნებათ საშუალება, რომ ეს რუკაზე იხილოთ“,- აღნიშნა ტაბატაძემ.
ტაბატაძის შეფასებითვე, ჩორჩანას ეპიზოდის შემდგომ, გიორგი გახარიას პრემიერობა „პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“.