მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე მივიდა.

გამოკითხვამდე ცქიტიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, როგორც მან აღნიშნა, კომენტარს პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, 16 ივნისს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ალექსანდრე ტაბატაძე და კახა კახიშვილი იმყოფებოდნენ. ალექსანდრე ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებული იყო ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს