ევროკომისარი - საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება - ევროკავშირი მზად რჩება, ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს ადამიანის უფლებების დამრღვევებს

ევროკავშირი მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანი უფლებების დამრღვევებს, - ამის შესახებ სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც განიხილავენ საკითხს - "მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი".

ევროკომისარმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც არის ტაქტიკა, რომელიც "აშკარად განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდადაა" შექმნილი.

ასევე, მან ისაუბრა მედიის მდგომარეობაზე საქართველოში და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ „სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს“.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის "ქეისი" თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა, რაც მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.

ამასთან, ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს.

“როგორც ბევრმა თქვენგანმა თქვით, საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება.

ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა დემონსტრანტები არაპროპორციულად მკაცრ განაჩენებს იღებენ. დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ კრიტიკოსებს სასამართლოებში დაატარებენ - ტაქტიკა, რომელიც აშკარად განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდად არის შექმნილი.

ეს არ არის საქციელი, რომელსაც ჩვენ, ევროკავშირი, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები მოელიან ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს…

საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს.

მედია თავისუფლება ასევე დიდი საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს.

მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობისადმი საკუთარი ერთგულების გამო არის დაპატიმრებული. მისი "ქეისი" თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ.

დამოუკიდებელი ჟურნალიზმი და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოსააშკარავებლად, არამედ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის მზარდი ტალღისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფები ავრცელებენ. მყარად ვუდგავართ გვერდში საქართველოს დამოუკიდებელ მედიას…

ევროკავშირი მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს”, - განაცხადა სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან