ჩანაცვლებითი თერაპიის - ე.წ. მეტადონის პროგრამის კერძო სუბიექტების მიერ განხორციელება აიკრძალება, დასახლებული სივრცეებიდან კი შესაბამის ინფრასტრუქტურას გაიტანენ

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.

„როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა „მეტადონი“ და „ბუპრენორფინი“. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.

„გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად. ასევე, დღეს ვთხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა