Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს მომიტინგეების დაშლისა და ცემის, მათ მიმართ სისხლის სამართლის შერჩევითი გამოყენების პრაქტიკა - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები

Amnesty International-მა გლობალური კამპანია დაიწყო, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა უზრუნველყოს, - ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

“2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს მასშტაბით მომიტინგეები გადაჭარბებული ძალის, თვითნებური დაკავების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან რეპრესიული კანონებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინააღმდეგ ძირითადად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. დღემდე არცერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს მომიტინგეების დაშლისა და ცემის, მათ მიმართ სისხლის სამართლის შერჩევითი გამოყენების პრაქტიკა.

„საერთაშორისო მხარდაჭერა და ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტის უფლების დასაცავად და იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვაიძულოთ, პატივი სცეს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კამპანია განსაკუთრებით ფოკუსირებული იქნება ცალკეული მომიტინგეების საქმეებზე, მათ შორის საბა სხვიტარიძისა და მზია ამაღლობელის საქმეებზე, რომლებიც პროტესტის უფლების გამოყენების გამო წამებისა და არასათანადო მოპყრობის, უსამართლო მართლმსაჯულებისა და თავისუფლების აღკვეთის მსხვერპლნი გახდნენ.

Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურორს, უზრუნველყოს სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა შეტყობინებაზე, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები და უზრუნველყოს სამართლიანობა და მსხვერპლთათვის სრული ანაზღაურება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა