ივანე მაჭავარიანი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი მივიდა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რატომ დაიბარეს ის გამოკითხვაზე.

„არ ვიცი [მათ რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ]. კითხვებს რომ დამისვამენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გეტყვით, [რატომ დამიბარეს]”, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე.

ასევე, გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიასმიერ განხორციელებული ქმედება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, - აცხადებენ პროკურატურაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის