ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა ალექსი ახვლედიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვს

ბრალდების მხარეს მოთხოვნილი აქვს გირაო 30 000 ლარის ოდენობით, რასაც დავეთანხმები და პარალელურად სასამართლოს წინაშე ვიშუამდგომლებ არასაპატიმრო გირაოს გამოყენების თაობაზე, - ამის შესახებ ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი.

„გავეცანი საქმის მასალებს და სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ბრალდების მხარესთან. საქმის მასალების გაცნობამდე გამოვიყენეთ დუმილის უფლება, გავეცანით საქმის მასალებს და მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, ნებისმიერ საკითხზე გავცეთ პასუხი და თვითონაც გასცემს პასუხს“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.

ლარი აფციაურის თქმით, ალექსი ახვლედიანს იარაღი დაუდევრად არ ჰქონია დატოვებული და ის მყარი კონსტრუქციით ნაშენებ ოთახში, სპეციალურ ქეისში, შეკრულ მდგომარეობაში ჰქონდა.

„იარაღი შენახული იყო შუშებით შემინულ ოთახში, რომლის კარებიც იკეტება. მყარი კონსტრუქციითაა აშენებული. იარაღი ბატონ ალექსის ჰქონდა მის საკუთარ ხელჩანთაში, სპეციალურ ქეისში შეკრულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.

პროკურატურამ ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს ბრალდება 8 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს „დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში“, შემდეგ კი მათივე ინფორმაციით, ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის