ირაკლი კობახიძე - თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზია არ გვაქვს მის მიმართ - თუ ვინმე ემუქრებოდა, სწორედ ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი

თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი - ჩვენ თორნიკე რიჟვაძე არაფერს ვაბრალებდით, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც თანამდებობა დატოვა.

„მე მუდმივად ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას. რაც შეეხება სიახლეებს, სიახლეებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ.

რაც შეეხება სტრესულ გარემოს, მე ერთ-ერთ მაგალითად დავასახელე სამარცხვინო მედიასაშუალებები, რომლებიც ათას ტყუილს კადრულობენ. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს სტრესული. ჩემთვის არაა, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესულია.

რამდენიმე დღის წინ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ითქვა ასეთი რაღაც, რომ, თითქოს, ის ჩემთვის ხურავდა ამ აკადემიის აუზს, იქ დავდიოდი აუზზე, საერთოდ იხურებოდა პოლიციელებისთვის აუზი. საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს კადრულობთ. თვალით არ მინახავს აუზი! ჩემთვის არ არის ეს სტრესული, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის, თუნდაც ასეთი სამარცხვინო ტყუილი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი, შეიძლება იყოს სტრესული.

რაც შეეხება მუქარას, თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი. იმ დღეს კომენტარი რომ გავაკეთე, მედია დავასახელე როგორც ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუილებით. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. თქვენ თქვენი სამარცხვინო ტყუილებით ქმნით სტრესულ გარემოს ადამიანებისთვის. ეს არ უნდა გეწყინოთ. ძალიან ბევრ სამარცხვინო ტყუილს ავრცელებთ, მე ერთი მაგალითი მოგიყვანეთ.

ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს მფარველობას კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი, როგორ იყო. ვიმეორებ, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ყოველ ჯერზე, ძალიან თბილი შეხვედრები. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანი ტოვებს თანამდებობას, იქ როტაციის განხორციელება არის ჩვეულებრივი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. საბოლოოდ კი ის მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია