თბილისის მერიაში მეტროს ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, „ჯი-თი გრუპის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა და შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისის მერიაში მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „ჯი-თი გრუპის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე ესწრებოდა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შარკოვმა და „ჯი-თი გრუპის“ წარმომადგენელმა თემურ უსტიაშვილმა მოაწერეს ხელი.

„ხელშეკრულების ფარგლებში, „ჯი-თი გრუპი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან (კომპანია CRRC, ჩინეთი) თანამშრომლობით, შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტს 111 ვაგონს (სულ 25 მატარებელი, მათ შორის, 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი) მიაწვდის.

ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხარდაჭერით გამოცხადდა. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 150 მლნ ევროს (დღგ-ს გარეშე).

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მეტროში არსებულ ყველა ვაგონს სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ვაგონებით.

დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი (სულ 192 ვაგონი) ემსახურება. მეტროს ვაგონების შესყიდვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა დღეს არსებული შემადგენლობები სრულად განახლდეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის