თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მეწარმეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მეწარმეებს ინტენსიურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას იმ ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის ამოქმედება 2026 წლის პირველი იანვრიდანაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის მერიის ინიციატივით დამტკიცებული ახალი წესი ეხება მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებას ან/და რეალიზაციას.

დადგენილებით იკრძალება ზემოაღნიშნული საქმიანობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარიული დაცვის ზონებში. ასევე, დასაშვებ ფუნქციურ ზონებში (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა) განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც მოუწევთ ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს.

წესის ამოქმედებამდე, დავალების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დედაქალაქში განხორციელდა სრული ინვენტარიზაცია რეგულაციას დაქვემდებარებული ტერიტორიების და მეწარმე/სუბიექტების. კერძოდ, ინსპექციამ 14-ზე მეტი მსხვილი არეალის მესაკუთრეს, რომელთაც თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10 000-მდე მცირე მეწარმე ჰყავთ დასაქმებული და 1 500-ზე მეტ საშუალო მეწარმე სუბიექტს პირდაპირი კომუნიკაციით გაუწია კონსულტაცია და გააცნო ის აუცილებელი პირობები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ. ასევე, ჩაბარდათ შესაბამისი გაფრთხილების წერილები.

რეგულაციის მიზანია დედაქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ხელშეწყობა, მოქალაქეებისა და გარემოს დაცვა მავნე ზემოქმედებისგან, ასევე, საქმიანობის დასაშვები არეალების, სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების იმგვარად მოწესრიგება, რომ შეიქმნას აუცილებელი პირობები, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ისე საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისა მისაღწევად, მათ შორის, საქმიანობაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის.

რეგულაციით მოთხოვნილია, რომ დასაშვებ არეალებში უზრუნველყოფილი იქნას ამტვერებადი მასალების დახურულ შენობებში განთავსება/რეალიზება; ფეთქებადი და ადვილად აალებადი მასალების განთავსება/რეალიზების შემთხვევაში, შენობებიდან გასასვლელი საშუალებები; სანიტარიული პირობები, სათანადო განათება და განიავება; შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებისას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, დამატებითი კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია, დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს შესაბამის უფლებამოსილ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია