ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენელი - მზად ვართ, გამოვიყენოთ არსებული მექანიზმები, თუ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს - მოვუწოდებთ, ჩაერთონ ეროვნულ დიალოგში

მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში, - ამის შესახებ ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა.

„ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულნი და ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით.

მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში.

მათი დაკავება, ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებასთან. დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.

ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის