ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლაშა გელაშვილი იკითხება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლაშა გელაშვილს, რომელიც ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესზე იკითხება, პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეომასალა აჩვენეს, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილების მისამართით მუქარა და გინება ისმის.

აღნიშნული ვიდეომასალა დაზარალებულის სტატუსის მქონე მოწმე გელაშვილს ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძის მოთხოვნით აჩვენეს. იქამდე მას, ბრალდებულმა კითხვებით მიმართა.

„მაგალითი მოიყვანეთ წელს ქვემოთ მიყენებულ დაზიანებაზე. საიდან იცით, რომ დაზიანება მიიღო იმ კაცმა?",- ჰკითხა გდდ-ს თანამშრომელს ცეცხლაძემ.

გელაშვილმა მას უთხრა, რომ პოლიციელისთვის აღნიშნული დაზიანების მიყენების შესახებ თანამშრომლებიდან გაიგო, შემდეგ კი ვიდეო ანახეს. თუმცა, განაცხადა, რომ არ ახსოვს, თუ სად მოხდა კონკრეტული ფაქტი.

„მე მახსოვს, პარლამენტის მიმდებარედ იყო. კადრებია გასაჯაროებული. ხომ არ განახეს თქვენმა თანამშრომლებმა კადრები, როგორ დაზარალდნენ მოქალაქეები, თუ მხოლოდ გდდ-ს თანამშრომლები როგორ დაშავდა, ის გაჩვენეს? აშკარაა, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არ ყოფილხართ“, - მიმართა მოწმეს ცეცხლაძემ.

აღნიშნულზე პროკურორმა რეპლიკით უპასუხა, რომ მოწმემ საქმის მასალების გაცნობა იგულისხმა.

„საქმის მასალებში გვაქვს კადრები და ვაჩვენოთ დაზარალებულს. გაუპატიურებით მუქარის ფაქტი არ ხსენებულაო, კადრი გვაქვს, არათუ პოლიციის, „რობოკოპის“ მხრიდან ისმის და მინდა დაზარალებულს აჩვენოთ“, - განაცხადა ცეცხლაძემ, რის შემდეგაც მისმა ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ გდდ-ს თანამშრომელს პროკურატურის მიერ მოპოვებული ვიდეომასალა აჩვენა, რომელიც პარლამენტის უკანაა გადაღებული. ვიდეოში სპეცრაზმელების ადგილიდან ისმის აქციის მონაწილეების მისამართით გინება და მუქარა.

აღნიშნული ვიდეოს მოსმენის შემდეგ რეპლიკა ჰქონდა ვეფხია კასრაძეს.

„როცა ეგეთ სიტყვებს ამბობს „რობოკოპი“, გამოიწვევს ისეთ რეაქციას, არა? ახლა ხვდებით, რამ გამოიწვია აქციის მონაწილეების რეაქცია?“, - განაცხადა კასრაძემ, რის შემდეგაც მოწმეს კვლავ ცეცხლაძემ მიმართა.

„ბატონო ლაშა, მიკერძოებულობა იცით რას ნიშნავს? ერთ მხარეს რომ ხედავთ და მეორე მხარეს, ვერა“, - განაცხადა ცეცხლაძემ.

აღნიშნულის საპასუხოდ გდდს-ს თანამშრომელმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ რას მიჰყვა ეს ყველაფერი.

„ორივე მხარეს ვხედავ, მაგრამ მაინტერესებს ეს ფაქტი რას მოყვა. მე ვთქვი, რომ მსგავსი რაღაც ჩემთვის მისაღები არ არის-მეთქი“, - განაცხადა ლაშა გელაშვილმა.

მას ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვები დაუსვა, მათ შორის, ესმოდა თუ არა, 17-18 წლის გოგონების მისამართით გდდ-ს თანამშრომლები მუქარას, გინებას რომ იყენებდნენ.

„მე იქ არ ვყოფილვარ და არ ვიცი ეს რამ გამოიწვია“, - განაცხადა მოწმემ. მას ცეცხლაძემ ჰკითხა, კანონით რამდენადაა ნებადართული „რობოკოპს“ ამომცნობი ნიშანი არ ჰქონდეს?, რაზეც მოწმემ უპახუსა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

მოწმეს კითხვები დაუსვა ვეფხია კასრაძემაც.

„საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური გაქვთ, როგორც სამხედროს მაინტერესებს, რის საფუძველზე მიგიღეს, რა ნორმატივები ჩააბარეთ?“ - ჰკითხა გელაშვილს კასრაძემ, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ საჭირო ნორმატივები ჩააბარა.

„მე თვითონ მინდოდა სამსახურის დაწყება, ნორმატივები რაც იყო, ჩავაბარე“, - განაცხადა გელაშვილმა, რის შემდეგაც მას ბრალდებული კვლავ ჩაეკითხა.

„ფსიქოლოგიური შემოწმება თუ გაიარეთ?

რატომ გამიჩნდა იცით ეს კითხვა? საუბრისას თქვენ მხარე გეჭირათ, თქვენ მხარე არ უნდა გეჭიროთ“, - იკითხა კასრაძემ.

"მხარე არ დამიჭერია, ძალადობის მომხრე არ ვარ, გინდა ადამიანზე და გინდა პოლიციელზე“, - განაცხადა გელაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო