ეს არის საკუთარი სახის გადარჩენის მცდელობა და ამას სამართალთან საერთო არაფერი აქვს, - ასე აფასებს „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
როგორც ადვოკატმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი“.
„სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა, 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმავე ქმედებაზე, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. მთელი ხელისუფლება იყო ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში და ამ საქმეში. ეს იყო მათთვის ვითომ სახის შენარჩუნების მცდელობა. სინამდვილეში, ამას საერთო არაფერი აქვს 353-ე მუხლის კვალიფიკაციასთან. 353-ე მუხლი არის წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თავდასხმა გადააკვალიფიცირეს“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.