GCCA-მ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაასრულა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხება - გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას. ამის შესახებ ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ დამუშავებული მონაცემების ანალიზის შედეგად 8 კომპანია გამოიკვეთა, რომლებიც ბაზარზე 14 მედიკამენტთან მიმართებით დომინანტური მდგომარეობით ოპერირებდნენ (საბაზრო წილი 40%-ზე მეტი).

„შესაბამისად, მოკვლევა განხორციელდა შემდეგი კომპანიების მიმართ: შპს „გლობალ ცბს“, შპს „კონცეპტ ფარმა“, შპს „ბარდი“, შპს „ნუვეა ფარმაცევტიკალსი“, შპს „რიჩ გრუპი“, შპს „კროკუს ფარმა“, შპს „გეა“ და შპს „BIH“-ი.

მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა დადგენილიყო - იყო თუ არა მაღალი ფასნამატები (300-3000%-მდე) გამოწვეული ბაზრის დომინანტური მოთამაშეების მხრიდან არაკონკურენტული ქმედებებით.

GCCA-ს გადაწყვეტილებით, 4 კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. ჭარბი ფასი განისაზღვრა როგორც გონივრულ მარჟაზე (30%) + ფასნამატი (20%-ზე მეტი). სააგენტოს პოზიციით, დამრღვევი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. შედეგად, 4 კომპანიის ჯარიმის მოცულობამ ჯამში 559 358 ლარი შეადგინა. საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით.

მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირადღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.

მოკვლევის ფარგლებში, GCCA-ის მიერ გაიცა განსაახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. კერძოდ, დომინანტმა ეკონომიკურმა აგენტებმა საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე სააგენტოს განმარტებების შესაბამისად შეაფასონ და გაითვალისწინონ კონკურენციის საწინაღმდეგო რისკები. ჭარბი ფასი არ იყოს არასამართლიანად მაღალი თავისთავად ან/და კონკურენტი პროდუქტის/მომსახურების ფასთან შედარებით. არასამართლიანად მაღალი ფასის შესახებ გონივრული ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლოა დაიწყოს საქმის მოკვლევა შესაბამისი სუბიექტ(ებ)ის წინააღმდეგ.

GCCA-ს შეფასებით, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა