ნინო დათაშვილი - არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ - თუ ფსიქიკური ლაბილობა დაინახეს, ოპერაცია რომ მესაჭიროება, ეს რატომ ვერ დაინახეს?

არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ, - ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა აქტივისტმა ნინო დათაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან დეტალურად ისაუბრა მის საქმეზე.

„განჩინება რომ მომიტანეს, ფსიქიატრიული ექსპერტიზის იძულებით ჩატარების შესახებ, ჩემთვის სამარცხვინო ფურცელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. სასამართლოში მონაწილეობის უფლებაც არ მომცეს, ეს არის რეპრესია ჩვენს მიმართ, ადვოკატებზე აწარმოეს კამპანია. პროკურატურას ეკითხა ჩემთვის, იქნებ მინდოდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. პენიტენციურ დაწესებულებაში ორჯერ ვბანაობ, იქ თურმე ყოველდღეა და იქნებ მინდოდა.

პროკურატურაში გავგზავნეთ წერილი. ნეიროქირურგები ფსიქიკურ დიაგნოზს არ წერენ. არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ. როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვამბობ - ბევრს არ მიუწვდება ფსიქიკურ მკურნალობაზე ხელი, მათ ეუბნებიან, ადგილი არ გვაქვსო...

ბევრი მოზარდი, ბავშვი გადამიმისამართებია ფსიქიატრთან. ფსიქიატრთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მადლობა მეგობრებს, რომლებმაც ამაზე მედიით ისაუბრეს.

გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა ჩემი სამედიცინო დოკუმენტაცია ისე წარმოადგინეს, რომ ამის ფრიალი არ გვინდოდა, თუმცა პროკურატურამ გახადა ჩემი განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაცია საჯარო და განხილვის საგანი. მე არანაირ შეღავათს არ ვითხოვ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. პირველ სხდომაზეც გირაო იმიტომ მოვითხოვეთ, რომ ჩემი აბიტურიენტი შვილის გვერდით ვყოფილიყავი. ეს ზეწოლა რაც იძულებითი ექსპერტიზის დანიშვნით გააკეთეს, ალბათ, დასაშინებლად იყო, ალბათ, იფიქრეს, რომ გავჩუმდებოდი და ეს გახდებოდა პრეცედენტი სხვებისთვისაც, რომ ასე გაეკეთებინათ. მხოლოდ ამიტომ ამოვიღეთ ხმა. თუ ქვეყანაში სამართალი და კანონი არ გვაქვს, არსებობს ევროპული სასამართლო, დაველოდებით სამართალს.

განცხადებით მივმართე გენერალურ პროკურატურას. თუ ფსიქიკური ლაბილობა დაინახეს, ოპერაცია რომ მესაჭიროება, ეს რატომ ვერ დაინახეს? MRI-ს კვლევას ვითხოვ ციხეში შესვლის დღიდან, რადგან გაუსაძლისი ტკივილები მაქვს. უამრავი წერილი მაქვს გენერალურ ინსპექციაში, გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი - ვითხოვ, გამომკითხონ“, - განაცხადა დათაშვილმა.

თავის მხრივ, სხდომაზე, ადვოკატმა თამარ გაბოძემ საქმის პროკურორის, მედია ცირამუას აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ადვოკატი განმარტავდა, ცირამუამ ყალბი ინფორმაციის საფუძველზე ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება განიზრახა, რაც მისი აცილების საფუძველია.

გაბოძის თქმით, პროკურორს დოკუმენტში მითითებული აქვს „დათაშვილის ფსიქიკური არამდგრადი მდგომარეობა და ფსიქოაშლილობა“, რაც მტკნარი სიცრუეა და ეს ტექნიკური შეცდომა არაა.

ადვოკატის განმარტებით, პროკურორმა ოფიციალურ დოკუმენტებში არასწორი ინფორმაცია შეიტანა და გადაწყვიტა ნინო დათაშვილის დისკრედიტაცია.

თამარ გაბოძის თქმით, მან გენერალურ ინსპექციას მიმართა, რათა პროკურორის ქცევის კანონიერების საკითხი შეისწავლონ.

პროკურორი დაცვის მხარის არც ერთ შუამდგომლობას, არც სასამართლოს შემადგენლობის, არც პროკურორის აცილებასთან დაკავშირებით არ დაეთანხმა.

პროკურორ მედია ცირამუას განცხადებით, ისრების ბრალდების მხარეზე გადატანა დაუსაბუთებელია. მისივე თქმით, მათ სხვა პირების პერსონალური ინფორმაცია არასდროს გაუჟღერებიათ და ის საჯარო სივრცეში დაცვის მხარის მიერ იქნა გაჟღერებული.

ცირამუას განმარტებით, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ მოუპოვებია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვიდრე თავად დაცვის მხარემ არ წარმოადგინა საჯაროდ.

პროკურორის თქმით, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ინიშნება ექსპერტიზა არამხოლოდ დოკუმენტაციის, არამედ პირის ქცევის საფუძველზეც, შესაბამისად, ეს სტიგმატიზირება არ არის. ცირამუას განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი სტიგმა არ ყოფილა.

პროკურორის თქმით, ეს არც წამებას ემსახურება და არც სადამსჯელო ღონისძიებაა. როგორც პროკურორისგან განმარტა, ნინო დათაშვილთან საექსპერტო კვლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ მოხდა. კერძოდ კი, ექსპერტს და ბრალდებულს შორის მოხდა გასაუბრება.

ადვოკატ თამარ გაბოძის თქმით, დათაშვილთან გუშინ „ჩუმად, სასწრაფოდ შეაპარეს სამხარაულის ექსპერტები, რათა მისი გადაყვანა არ მომხდარიყო“. კერძოდ კი, დათაშვილთან დავით მაღრაძე შეუშვეს.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა