საქართველოს ელჩი თურქეთში - აქტიურად  ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის - მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი

ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ, თბილისსა და ანკარას შორის რეგულარული პირდაპირი ავიარეისების დაწყების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

„მოხარულები ვართ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი და ამა წლის ოქტომბრიდან აღდგება პირდაპირი რეისები ანკარასა და თბილისს შორის, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას”, - განაცხადა ელჩმა.

არჩილ კალანდიამ ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარული ავიარეისების აღდგენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მოგეხსენებათ შარშან 1 300 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია თურქეთიდან საქართველოს, გარდა ამისა გააქტიურდება ბიზნესკონტაქტები, კიდევ უფრო გაუადვილდებათ ქართველ ტურისტებს ცენტრალური თურქეთის ტერიტორიაზე წვდომა, ანკარისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მოგზაურობა. ასევე, მნიშვნელოვანია სამეციდინო ტურიზმის განვითარების კუთხითაც და ქართველ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა ანკარის შესაბამის კლინიკებთან. ასე რომ, ყოველმხრივ მისასალმებელი და მნიშვნელოვანია აღნიშნული პირდაპირი ავიამიმოსლის აღდგენა“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში.

ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს განხილულ იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა. მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში, სადაც "თურქული მხარის დახმარებით გამოიყოფა ვაქცინები, რაც ხელს შეუწყობს საქონლის ვაქცინაციას საქართველოში, ასევე ქართველი სტუდენტებისთვის შესაბამისი კვოტების ზრდა არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხითაც იყო აქტიური მოლაპარაკებები".

არჩილ კალანდიას განცხადებით, თურქ კოლეგებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანია ეკონომიკის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, ასევე ახალგაზრდობის კუთხით ბანაკების ჩამოყალიბება როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის პირდაპირ კომუნიკაციას და ამ მხრივ კონტაქტების გაღრმავებას. ასე რომ, ყოველმხრივ მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ ჩვენ თურქ კოლეგებთან, რათა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს, რა თქმა უნდა, ორივე მხარის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“,- განაცხადა არჩილ კალანდიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა