პროკურორი - ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი მეუღლის მკვლელობაში თავს დამნაშავედ ცნობს - ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული, არის ვარაუდი, რომ ბრალდებული ძალადობას ხელით ახორციელებდა, რადგან მას ხელი აქვს დაზიანებული

მეუღლის, ალინა კალოიანის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ ქრისტესიაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

როგორც სასამართლო პროცესზე ვეფხვაძემ განმარტა, ახალგაზრდა ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული.

„ნიკოლოზ ქრისტესიაშვილმა 25 აგვისტოს, ღამის საათებში, მის მეუღლეს მძიმე დაზიანებები ძირითადად სახის არეში მიაყენა. გამოძიებით დგინდება, რომ სახეში საკმაოდ ბევრი დაზიანება ჰქონდა. ასევე, კისრის არეში მიაყენა დანით ჭრილობა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა…

დანა, რომელიც იყო გამოყენებული, გარეცხილი იყო, ასევე ტანსაცმელი - სველი, კედლებზე არსებული სისხლის ნაწილი მოწმენდილი იყო, შემთხვევის ადგილზე კი ორი მცირეწლოვანი, მძინარე ბავშვი დატოვა…

ბრალდებული გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვითონ გამოცხადდა პოლიციაში, ამის მოტივი და მიზანი არ ვიცი, რა იყო. მან ცოლის ძმას დაურეკა და უთხრა, რომ მისი და აღარ იყო ცოცხალი და ბავშვებისთვის მიეხედა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ამასთან, პროცესის დასრულების შემდეგ, „ინტერპრესნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებული გამოკითხვის ოქმში მეუღლესთან კონფლიქტის არსებობას უარყოფს, თუმცა თავს სრულად დამნაშავედ ცნობს.

კითხვაზე, არის თუ არა დადგენილი კისრის გარდა, სახის არეში რით მიაყენა ქრისტესიაშვილმა ცოლს დაზიანებები, პროკურორი აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, ეს მას ხელით განეხორციელებინა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს ხელი აქვს დაზიანებული, ვარაუდი, იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობას შესაძლოა, ხელით ახორციელებდა, ამ ეტაპზე გამოკვეთილია, თუმცა ექსპერტი ამ საკითხზე უფრო დეტალურად გაგვცემს პასუხს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ქრისტესიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, 25 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს, განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა