ადვოკატი - როცა სათათბირო ოთახში გახვალთ, გისურვებთ შეუვალობას, დამოუკიდებლობას და გამბედაობას, ვინაიდან უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ონისე ცხადაძე აქციაზე მარტო დგას, არავის არაფერს უთითებს, არც არავის ემორჩილება, იქ მდგომებთან არავისთან აქვს კავშირი, - ამის შესახებ იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ონისე ცხადაძის მხრიდან არავითარ ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას არ ჰქონია ადგილი. ამასთან, ადვოკატის თქმით, ცხადაძეს ედავებიან, რომ საგნის გამოყენებით ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება, თუმცა დადგენილი არ არის კონკრეტული საგანი და ნივთმტკიცებულება წარმოდგენილი არაა. ცუცქირიძის თქმით, პროკურატურა მხოლოდ ვიდეოთი მსჯელობს, რომელიც ბრალდების მხარემ „დაჭრა და დაკუწა“.

„საგნის სროლის მანძილი და ტრაექტორია არ არის დადგენილი და ბრალდება მაინც აცხადებს, რომ ეს სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებისკენ იყო მიმართული...

ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულისთვის კავშირი, ნაცნობობა სახეზე უნდა იყოს, ასევე ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მითითება. ამ კომპონენტებთან დაკავშირებით, ონისეს მიმართ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.

[ბრალდებულებს] არც ერთმანეთთან და არც ორგანიზატორებთან კავშირი არ უდგინდებათ.... მადლობა, რომ გამომძიებელმა ის თქვა, რასაც 9 თვის განმავლობაში ვამბობდით“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე განმარტებით, ონისე ცხადაძე შემთხვევის დღეს აქციაზე მარტო იდგა. ადვოკატის თქმით, თუ ბრალდების მხარეს სიმართლის დადგენა უნდოდა, კადრები სრულყოფილი უნდა წარმოედგინა და არა დამონტაჟებული.

„ვიდეოში ჩანს, რომ ონისე მარტო დგას, არავის არაფერს უთითებს, არც არავის ემორჩილება, იქ მდგომებთან არავისთან აქვს კავშირი. ვიდეოში ასევე კარგად ჩანს, რომ ონისე ჯიბეებში ხელჩაწყობილი დგას, არც ზურგჩანთითაა და არც რამე უკანონო ნივთით შეიარაღებული არ არის.

ვიდეოში პოლიციის წარწერით ზურგით მდგარი პირები ჩანან, თუმცა მათი ქმედებები პოლიციელებს არ შეესაბამებოდა. ნორმალურ ქვეყანაში პოლიციელი გაუპატიურების და ძალადობის მუქარით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს რეალურად მაფიქრებინებს, რომ იქ ნამდვილად პოლიციელები არ იყვნენ“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

მან სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა ონისე ცხადაძის სიტყვებით დაიწყო, რომელიც ბრალდებულმა მაშინ თქვა, როცა მამის გარდაცვალების შემდეგ, სხდომაზე პირველად გამოცხადდა.

„აუცილებლად უნდა დავიწყო ონისეს სიტყვებით, იმ სიტყვებით რომელიც მან მისთვის მძიმე დღეებში სასამართლო პროცესზე თქვა. ვიდრე სამართლებრივ ნაწილზე გადავალ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ და გაჩვენოთ, ვის მიმართ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება.

ონისეს ციტირება: „ეს, რაც მოხდა, ჩემი პირადი ტრაგედიაა და ადრე თუ გვიან, ეს ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება, მეტი არავის. მე არ ვაპირებ რომ არ გაპატიოთ ადამიანურად. მე არ მექნება არავის მიმართ ბოღმა, ღვარძლი და მტრობა. მე უარესსაც ველოდები, ხვალ შეიძლება მე არ ვიყო. ასეთი ბრძოლაა! რა უჭირს, მე რომ ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ, ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს“.

აი, ეს ადამიანია დღეს საბრალდებო სკამზე და ამ ადამიანს ემუქრება 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რომლისთვისაც სამშობლო და საკუთარი ქვეყანა არის უპირატესი, ვიდრე თავისი თავი“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

დასკვნითი სიტყვის ბოლოს, ლაშა ცუცქირიძემ მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას გამბედაობისკენ მოუწოდა.

"ახლა თქვენ მოგმართავთ ბატონო მოსამართლე - ეს ბიჭები, რომლებიც, სამწუხაროდ, საბრალდებო სკამზე სხედან, იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და სიმართლეს. და თუ თქვენ, თქვენი გადაწყვეტილებით, არ დაიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და სიმართლეს, თქვენივე გადაწყვეტილება გახდება იარაღი, რომელიც მიმართულია სწორედ ამ ღირებულებებისკენ. და როდესაც სათათბირო ოთახში გახვალთ გადაწყვეტილების მისაღებად, გულწრფელად გისურვებთ შეუვალობას, დამოუკიდებლობას და გამბედაობას, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოთ, ჩვენი ქვეყნის სამართალწარმოების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი რთული და მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. თუმცა მანამდე მინდა იცოდეთ და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო, რომ ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, ლუკა ჯაბუა, გური მირცხულავა, ჯანო არჩაია, ვალერი თეთრაშვილი, რევაზ კიკნაძე, რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი არიან უდანაშაულოები და სრულად უნდა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო