გია ვოლსკი - ჩვენ მძლავრი, კეთილგანწყობილი მოკავშირე გვჭირდება - რესურსი არსებობს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს

აშშ - ის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს ის ხედვები ზედმიწევნით ემთხვევა, რაც საქართველოს ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც ჰქონდა. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, წერილში პრეზიდენტიც ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილის დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკი იმედოვნებს, რომ წერილი კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი გახდება იმისათვის, რომ ორმა ქვეყანამ ამ თემებზე იმსჯელოს.

„საკმაოდ სერიოზული გლობალური გამოწვევებია, ბევრი საფრთხეა რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს მიმართ „დიფ სთეითის“ რესურსები საკმაოდ აგრესიულია. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს ის ხედვები ზედმიწევნით ემთხვევა, რაც საქართველოს ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც ჰქონდა. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, წერილში პრეზიდენტიც ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს. იმედია, ეს კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი გახდება იმისათვის, რომ ამ თემებზე ვიმსჯელოთ. ამერიკის რესურსი შეუდარებლად დიდია საქართველოს რესურსთან შედარებით. ჩვენ მძლავრი, კეთილგანწყობილი მოკავშირე გვჭირდება - რესურსი არსებობს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რატომ ვერ დაიმსახურა აქამდე ამერიკის ყურადღება საქართველომ, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „მთელი რიგი ფაქტორები არსებობს, რაც შესაძლოა, ორმხრივ ურთიერთობაში პროგრესის განვითარებას აფერხებს“.

„ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, ასევე ამერიკასა და ჩინეთს შორის. ბევრი თემა და კითხვაა ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. შესაძლოა, ეს არის გარემოებები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მთელი რიგი გარემოებების მიუხედავად, საფრთხეები, რომელიც საქართველოშია და სამხრეთ კავკასიას ახასიათებს, ვაშინგტონისგან გაცილებით უფრო მეტ და ინტენსიურ ყურადღებას ითხოვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ დაწერა წერილი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს გაუგზავნა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ოპოზიციური ლიდერებისგან განსხვავებით ყაველაშვილს არ აკლია არც ინტელექტი და არც ცოდნა.

„სერიოზული კითხვებიდან არასერიოზულზე გადადიხართ. თქვენი ლიდერებისგან განსხვავებით, ჩვენს პრეზიდენტს არ აკლია არც ინტელექტი, არც ცოდნა. დამოუკიდებლად ყაველაშვილს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ურთიერთობებში დამოკიდებულებას ახასიათებს. ყაველაშვილისგან ჩამოყალიბებული პოზიცია არ მოგისმენიათ გინდათ პარლამენტში და გინდა ინტერვიუების დროს?” - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა