გიორგი გახარია - საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა, გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ გამოყენებას, თუ ვერა, პირდაპირ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ გარემოსთან, რაც შეიქმნება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის 12-მა წევრმა საქართველოს პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს, თუმცა აცხადებს, რომ „ეს პირდაპირ დაკავშირებული იქნება“ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან.

გახარიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა „გახარია საქართველოსთვის“ მანდატშეწყვეტილი 12 დეპუტატის ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებაზე, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს და თქვა, რომ „დღევანდელი მოცემულობით პოლიტიკურ ბოიკოტში არაფერი შეცვლილა”, თუმცა დაამატა, რომ თუ რაიმე შეიცვალა, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო, დიდი ალბათობით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ.

გახარიამ განაცხადა, რომ დღეის მონაცემებით, პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით არ ცვლიან პოზიციას, რადგან „ამის დრო“ არ არის.

„დღევანდელი მოცემულობით დღეს, პოლიტიკურ ბოიკოტში არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ უბრალოდ, დღეს, ძალიან აქტიურად ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ამისთვის არ გვცალია. ამიტომ, გადაწყვეტილება, თუ რაიმე შეიცვალა პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით, ამ 12 მანდატთან დაკავშირებით, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო, დიდი ალბათობით, მუნიციპალური არჩევნების შემდგომ და ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო, პირველ რიგში გაიგებთ თქვენ.

დღეის მონაცემებით, პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით ჩვენ უბრალოდ არ ვცვლით პოზიციას, იმიტომ, რომ ამის დრო არ არის. ახლა ყველანი ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის, ქვეყნის მომავლისთვისაც”, - განცხადა გახარიამ.

ამის შემდეგ გახარიას წამყვანმა ჰკითხა: „ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გამორიცხავთ, რომ თქვენი გუნდის მომდევნო 12-მა წევრმა ამ მანდატებით ისარგებლოს, როცა ჩათვლით, რომ ამის დრო დადგა - ახლა არ თვლით, მაგრამ არ გამორიცხავთ“, რაზეც გახარიამ თქვა, რომ არაფერს გამორიცხავს.

„არაფერს არ გამოვრიცხავ. ამასთან, ერთად ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც იქნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ”, - აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ ნიუანსებში და დეტალებში ვერ შევა.

გახარიას თქმით, საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება იყო შეცდომა.

"ბოიკოტი არ არის დაკავშირებული საპარლამენტო შედეგებთან. მე, დღეს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არ გამოყენება, ეს იყო შეცდომა. ჩვენ, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ ამის გამოყენებას, თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ", - ამბობს გიორგი გახარია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა