ნინო დოლიძის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვისას ძირითადად კითხვები შეეხებოდა საპროტესტო აქციებს და შესაძლო ძალადობას

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელის ნინო დოლიძის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვისას ძირითადად კითხვები შეეხებოდა საპროტესტო აქციებს და შესაძლო ძალადობას.

როგორც ნინო დოლიძემ გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პასუხი იყო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობას შეესაბამებოდა.

„კითხვები ძირითადად შეეხებოდა აქციების მიმდინარეობას, საპროტესტო აქციებს, როგორც გასული წლის გაზაფხულის დროს, ასევე, ნოემბერ-დეკემბერთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან და ასე შემდეგ. ცხადია, კითხვები შესყიდვებთან დაკავშირებითაც იყო. ჩემი პასუხი რა თქმა უნდა იყო ის, რაც არის სიმართლე - „სამართლიანი არჩევნები“ დაარსებიდან იცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს ქვეყანაში. ის, რასაც ჩვენ ამ აქციებზე ვახორციელებდით, მონიტორინგი იქნებოდა, იურიდიული დახმარება თუ ასე შემდეგ, აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენს საქმიანობაში, საქართველოს კანონმდებლობაში და ვახორციელებდით საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის დაცვას“, - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ანგარიშების დაყადაღებას, ნინო დოლიძის შეფასებით, ეს არის მესამე სექტორზე ზეწოლა და მათი დევნა.

„ჩემი შეფასება დაყადაღებასთან დაკავშირებით იგივე რჩება, რომ ეს დაყადაღება არის ზეწოლა და დევნა სამოქალაქო ორგანიზაციებზე იმიტომ რომ ისინი ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებენ, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია“,-განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.

მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 12 იურიდიული პირის - ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა