ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს, რაც არ დაკმაყოფილდა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას ადვოკატებმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის აცილება მოითხოვეს.

როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განმარტა, სწორედ აღნიშნულ მოსამართლემ გასცა ლევან ხაბეიშვილის დაკავების განჩინება, რის გამოც, მას ეს საქმე უნდა აეცილებინა.

როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, მოსამართლის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, ვინაიდან ის განჩინებაში ლევან ხაბეიშვილის პიროვნების უარყოფით მხარეებს უსვამს ხაზს.

ადვოკატების თქმით, მოსამართლის სამოტივაციო ნაწილი „ლევან ხაბეიშვილის ლანძღვას ეთმობა".

„საქმის მასალებს გავეცანით და თქვენ წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია გაქვთ, თქვენ ობიექტური მსაჯული ვერ იქნებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ვიმსჯელოთ. თქვენ წინასწარ შექმნილი გაქვთ არათუ პოზიცია, არამედ გაცემული გაქვთ მისი დაკავების განჩინება. მასში მითითებული გაქვთ, რომ მტკიცებულებები გაძლევთ დანაშაულის ნიშნების დანახვის საშუალებას.

ასევე, შეფასება გაქვთ გაკეთებული ლევანის პიროვნულ მახასიათებლებზე. თქვენ წერთ, რომ ლევან ხაბეიშვილის პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ის საზოგადოებისთვის სახიფათოა",- განაცხადა კონდახიშვილმა, რაზეც მას მოსამართლემ უთხრა, რომ

„განმარტების გაკეთებას ნუ სთხოვდა და შუამდგომლობა დაეყენებინა“, რაზეც ადვოკატმა უპასუხა, რომ "ის არაფერს არ თხოვდა და პოზიციას აფიქსირებდა“.

„გარდა იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილს აბსურდულ ბრალდებას ედავებიან, თქვენ წერთ, რომ ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის სახიფათოა მისი ქცევიდან და პიროვნებიდან გამომდინარე, ეს უკვე პოზიციაა, რაღაზე უნდა გესაუბროთ. თქვენ თუ დარჩებით ამ საქმეზე მოსამართლე, აბსურდული ფორმალურობა იქნება, რაზე უნდა იმსჯელოთ?",- განაცხადა კონდახიშვილმა.

ფიქრია სიქტურაშვილს ბექა ბასილაიამ მის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები შეახსენა, მათ შორის, აქტივისტ ნინო დათაშვილთან მიმართებით გაცემული განჩინება, მისი იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანასთან დაკავშირებით.

„სხვა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით ამ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაში მყოფი ადამიანების დევნის საქმეში მონაწილეობთ",- მიმართა მას ბექა ბასიალაიამ.

პროკურორი ბექა ხუნაშვილი შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ასევე, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და საქმე არ აიცილა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორცირელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი