თბილისში მიმდინარე უწყვეტი აქციების დაწყებიდან 300 დღის გასვლის აღსანიშნად, 23 სექტემბერს, 300 არაგველის ძეგლიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართება

23 სექტემბერს, ორთაჭალაში, 300 არაგველის ძეგლთან შევიკრიბებით და 19:00 საათზე პარლამენტისკენ დავიძვრებით - საქართველოს მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც დემოკრატიული, დასავლური ღირებულებები და საზოგადოებრივი უფლებები არის მნიშვნელოვანი, უზურპატორ რეჟიმს არ შეეგუება,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა გურამ ჩუხრუხიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციების დაწყებიდან 300 დღის შემდეგაც, მოთხოვნები უცვლელია -„თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა“.

„23 სექტემბერს არის უწყვეტის პროტესტის მე-300 დღე. მხოლოდ მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის პროტესტები იყო, რომლებმაც მოუტანა ხალხს თავისუფლება, რომელიც 300 დღეზე დიდხანს გაგრძელდა. მნიშვნელოვანია, რომ არალეგიტიმურ, მოღალატე რეჟიმს ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი არის უდრეკი იმ მოთხოვნების მიმართ, რომელიც 300 დღის წინ გაჟღერდა, რომელიც არის ჩვენი თავისუფლების მიმართ - ეს არის ჩვენი თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და რაც მთავარია, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.

ჩვენ სიმბოლურად, 23 სექტემბერს, ორთაჭალაში, 300 არაგველის ძეგლთან შევიკრიბებით და 19:00 საათზე პარლამენტისკენ დავიძვრებით. რუსთაველზე კი ფილმის ჩვენება იქნება რეჟიმის ტყვეების შესახებ. ასევე, იქნება გარკვეული სახის გამოფენა, რომელსაც კულტურის წარმომადგენლები გააკეთებენ და რეჟიმს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც დემოკრატიული, დასავლური ღირებულებები და საზოგადოებრივი უფლებები არის მნიშვნელოვანი, უზურპატორ რეჟიმს არ შეეგუება“,- განაცხადა გურამ ჩუხრუხიძემ.

აღნიშნულ თემაზე პარლამენტთან აქტივისტებისა და სამოქალაქო ჯგუფების ერთობლივი განცხადებაც გაკეთდა. მათი თქმით, „300 დღეა რეჟიმი თავისუფალ საზოგადოებას ტერორსა და შიში ამყოფებს“.

„300 დღეა, რაც [მმართველი პარტია] საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს არღვევს, საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის და ქვეყანას ცივილურ სამყაროსგან სრულ იზოლაციაში აგდებს. 300 დღეა, რაც ებრძვის ქვეყნის დასავლურ პარტნიორებს, სამოქალაქო სექტორს, ბიზნესს და პარტიებს, შლის სისტემებს და იტაცებს საჯარო ინსტიტუტებს.

300 დღეა, რაც ავტორიტარიზმს ამყარებს და ქვეყანას რუსეთის გუბერნიად აქცევს, ქვეყნის ეკონომიკას რუსულ და ჩინურ ბაზარზე კიდებს და მოსახლეობას აღარიბებს. ამიტომ ამ და უამრავი სხვა მიზეზის გამო, 300 დღეა ვდგავართ ქუჩში და ვიდგებით სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარების გზას, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ განთავისუფლდება და არ ჩაინიშნება ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“,- ნათქვამია აქტივისტებისა და სამოქალაქო ჯგუფების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა