პეტრ პაველი - ნატო-მ რუსეთის მხრიდან დარღვევებს შესაბამისად უნდა უპასუხოს, მათ შორის, სამხედრო გზით - ბოროტების წინაშე დანებება უბრალოდ შეუძლებელია

ვლადიმერ პუტინი და რუსეთი ისე მოიქცევიან, რის ნებასაც დავრთავთ. თუ სიტყვიერად დავგმობთ, მინიმუმამდე დავიყვანთ ან გავაუბრალოებთ რუსეთის ქცევას, ეს პროვოკაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა მიმდინარე კვირაში რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასა და რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ის, რაც ბოლო დღეებში პოლონეთსა და ესტონეთში მოხდა და რაც ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში ხდება, ყველას გვაწუხებს, რადგან თუ ერთიანობას არ შევინარჩუნებთ, ადრე თუ გვიან ეს ჩვენც დაგვემართება. ეს ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ესკალაციაა, რაზეც პასუხისმგებელი აშკარად რუსეთია. უნდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ უახლესი მაგალითია რუსეთის ქმედებებისა, რომელიც დიდი ხანია ასე იქცევა“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი არა მხოლოდ აგრესიულ ომს აწარმოებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ ნატო-ს ქვეყნების უპრეცედენტო პროვოცირებას ახორციელებს.

„რუსეთი ცდილობს არა მხოლოდ ისეთი პასუხის პროვოცირებას, რომლის გამოყენებასაც შემდეგ საკუთარი ინტერესებისთვის შეძლებს, არამედ იმასაც, რომ გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე და უნარი, დავიცვათ თავი ასეთი პროვოკაციებისგან. ეს სრულიად უპასუხისმგებლო საქციელია, რადგან საჰაერო სივრცის დარღვევა თავდაცვის მექანიზმების გააქტიურების საბაბია, კერძოდ, ასეთი თვითმფრინავის ჩამოგდების. რა თქმა უნდა, ამას არავინ ისურვებდა არც ჩვენი მხრიდან და არც რუსეთში“, - განაცხადა პეტრ პაველმა.

მისი თქმით, ნატო-მ მტკიცედ უნდა იმოქმედოს და თუ დარღვევები მოხდება, შესაბამისად უპასუხოს, მათ შორის, სამხედრო გზით.

„ვლადიმერ პუტინი და რუსეთი ისე მოიქცევიან, რის ნებასაც დავრთავთ. თუ სიტყვიერად დავგმობთ, მინიმუმამდე დავიყვანთ ან გავაუბრალოებთ რუსეთის ქცევას, ეს პროვოკაციები გაგრძელდება. მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ და თუ დარღვევები მოხდება, შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ, მათ შორის, სამხედრო გზით. რუსეთი ძალიან სწრაფად მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და ზღვარს გადავიდა. სამწუხაროდ, ეს კონფლიქტის ზღვარზე დაბალანსებაა, მაგრამ ბოროტების წინაშე დანებება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის