მაია ბითაძე ლუქსემბურგის მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის არ მიწვევაზე - ამგვარი ბავშვური საქციელი მისაღები არ არის - ღიმილისმომგვრელი ნაბიჯებით ცდილობენ, აჟიოტაჟი გამოიწვიონ, იმედია, ევროკავშირი გაიაზრებს, რა შეცდომა დაუშვა

„ქართული ოცნების" დეპუტატი, მაია ბითაძე ლუქსემბურგის მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის არ მიწვევას "ბავშვურ საქციელს" უწოდებს და აცხადებს, რომ "ეს ძალიან ცუდი მაგალითია სხვა კანდიდატი სახელმწიფოსთვის, ასევე, თვითონ ევროკავშირის რეპუტაციისთვის".

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირს, მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისა და შანტაჟის საშუალება ხელიდან გამოეცალა, ახლა „ასეთი ღიმილისმომგვრელი ნაბიჯებით ცდილობენ, გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვიონ“.

ბითაძე იმედოვნებს, რომ „ევროკავშირი ერთ დღეს კარგად გაიაზრებს, რა შეცდომა დაუშვა საქართველოსთან მიმართებით“.

„ევროკავშირის მხრიდან, სამწუხაროდ, კვლავ ვხედავთ იმ ზეწოლის მეთოდების გაგრძელებას, რასაც ის უკვე რამდენიმე წელია იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, რამაც საბოლოო ჯამში, დააზიანა ჩვენს ქვეყანას და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა ევროკავშირისადმი შემცირდა. ეს ძალიან ცუდი მაგალითია სხვა კანდიდატი სახელმწიფოსთვის, ასევე, თვითონ ევროკავშირის რეპუტაციისთვის. ამგვარი ბავშვური საქციელი ნამდვილად არ არის მისაღები. მას შემდეგ, რაც მათ ხელიდან გამოეცალათ მოლაპარაკებების გახსნით საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისა და შანტაჟის საშუალება, ახლა ამგვარი ღიმილისმომგვრელი ნაბიჯებით ცდილობენ, რომ გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვიონ, თუმცა ეს ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს. ძალიან სამწუხაროა და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ერთ დღეს კარგად გაიაზრებს, რა შეცდომა დაუშვა საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა ბითაძემ.

გარდა ამისა, ის ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატიის ქმედებები არასერიოზულია".

"საერთაშორისო ურთიერთობები ასე არ იმართება. ასე იქცეოდა მხოლოდ საბჭოთა კავშირი, როდესაც მოსკოვიდან მიღებული დავალებები უპირობოდ და მონურად უნდა შეესრულებინა რომელიმე წევრ სახელმწიფოს. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს. მე ძალიან კარგად მახსოვს, მათ შორის, როგორი ურთიერთობები გვქონდა ჩვენ და ევროკავშირს მანამდე, ვიდრე საქართველო დაიწყებდა საკუთარი სუვერენიტეტის სხვა დონეზე დაყენებას. ასე რომ, ევროკავშირის წარმომადგენლის ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი მონაწილეობა იმ პროცესებში, რაც ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას წინასაარჩევნოდ ჩვენი რადიკალების მხარდაჭერას, არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. ეს პირველ რიგში, აზიანებს ევროკავშირის სტატუსს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პლანეტაზე, რისი მაგალითებიც უკვე ყოველდღიურად თვალნათელია უცხოურ მედიას თუ დავაკვირდებით”, - განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის ხელმოწერით ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც „მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით“.

აღინიშნება, რომ ბოლო განცხადებები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ თითქოსდა ევროკავშირი საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. “არატრადიციული ღირებულებების” თავს მოხვევას ცდილობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენენ.

განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის "რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ იმათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება".

ასევე, ევროკავშირი მტკიცედ გმობს საქართველოში ევროკავშირის ელჩის [პაველ ჰერჩინსკის] წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს და აღნიშნავს, რომ ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ზრდაში და მას ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია.

ევროკავშირი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, და ევროპული მომავლისკენ იმუშაონ საკუთარი მოსახლეობისთვის.

ევროკავშირი აცხადებს, რომ არის საქართველოს თანმიმდევრული და სანდო პარტნიორი და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის ურყევ მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ გამოხატავს ქართველ ხალხთან თავის ურყევ სოლიდარობასა და მზაობას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მათ გზაზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო