ქართლის მოქცევის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოებისა და შეხვედრების ციკლი „ის, რაც გვაერთიანებს“ გრძელდება. მორიგი ღონისძიება 30 სექტემბერს, 17:00 საათზე, ჯანაშიას მუზეუმის დარბაზში „აუდიტორია“ გაიმართება. მუზეუმის მისამართია ანტონ ფურცელაძის #1.
მოძრაობა „ის, რაც გვაერთიანებს“ საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ქართლის მოქცევის 1700 წლის თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა გააცნობიეროს და საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნის გამო პირადი პასუხისმგებლობა განიცადოს.
დასახული მიზნის განხორციელებად მოძრაობამ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმა. უკვე ჩატარდა რამდენიმე რამდენიმე შეხვედრა მათ შორის:
„ქართლის მოქცევის 1700 წლისთავის აღნიშვნის მიზანი, გარდა ღვთისა და ჩვენი დიდი წინაპრებისადმი მადლიერებისა, ასევე, გახლავთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული ფასეულობები და ტრადიციები გამოწვევებით აღსავსე თანამედროვე მსოფლიოში. სჯულის ხმლითა და მოწამეობით დაცვა მე-19 და მე-20 საუკუნეებში სულიერი და ინტელექტუალური ბრძოლის ფორმებმა შეცვალა. თანამედროვე მსოფლიო დგას ორი უმთავრესი მსოფლმხედველობრივი გამოწვევის წინაშე, ესენია: რელიგიური და ანტირელიგიური რადიკალიზმი. გლობალიზაციის პირობებში ის რაც ხდება მსოფლიოში, მყისიერად აისახება ნებისმიერ ქვეყანაზე და, ბუნებრივია, საქართველოზეც. ზემოაღნიშნული როგორც ერთი, ისე მეორე ცდომილება უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველთა საფუძველს - სულიერი და ინტელექტუალური მოღვაწეობის თანაარსებობას.
ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, უფლის მეორედ მოსვლის წინ ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი დაკარგავს ჯანსაღ სარწმუნოებას. ღვთისმშობლის წილხვედრი ერის დანიშნულებაა სარწმუნოებისაგან განდგომილების ჟამს შეინარჩუნოს სინერგიული ცნობიერება და ცხოვრების წესი. ამ მიზნის გარშემო გაერთიანება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენი თითოეული მოქალაქის წმიდათაწმიდა ვალია. ქართლის მოქცევის 1700 წლისთავის იუბილეს აღნიშვნა არის ამ მიზნის გარშემო ერის შემოკრებისა და გაერთიანების საუკეთესო საშუალება. გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს. ვაშენოთ ის, რაც გვამთლიანებს,“ - ნათქვამია მოძრაობის ,,ის, რაც გვაერთიანებს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემეცნებითი შეხვედრები და შემოქმედებითი საღამოები გაგრძელდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
(R)