მზია ამაღლობელის წერილი ვაცლავ ჰაველის პრემიის დაჯილდოებაზე - ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ მარტო, მხარი დაგვიჭირეთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში!

ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეულ ქმედებებს აჯილდოებს, უკრაინელ ჟურნალისტსა და ადამიანის უფლებათა დამცველს მაქსიმ ბუტკევიჩს გადაეცა.

უკრაინელ ჟურნალისტს პრიზი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) შემოდგომის პლენარული სესიის გახსნის დღეს გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე გადაეცა.

2025 წლის პრემიის ნომინანტები ასევე იყვნენ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.

„იმის გამო, რომ ორივე მათგანი ამჟამად საკუთარ ქვეყნებში დაკავებულები არიან, მათი სახელით დიპლომები გადაეცათ მათ წარმომადგენლებს - ამაღლობელის ადვოკატს და ჰასანლის მეუღლეს“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს პრესრელიზში.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილი მზია ამაღლობელის შეტყობინება წაიკითხა.

„თავისუფლების, დემოკრატიის გზაზე, იშვიათად მიმაჩნდა რამე შეუძლებელი, თუმცა მეტისმეტად ემოციურია ჩემი სახელის ხილვა „ჰაველის“ ჯილდოს ნომინანტებში“, - აღნიშნულია წერილში.

ამაღლობელი ხაზს უსვამს, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული და შთაგონებული იყო იმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებით, რომლებიც დევნის მიუხედავად რჩებოდნენ სამშობლოში და აგრძელებდნენ პროფესიულ საქმიანობას.

„ღრმად ვცემ პატივს ულვი ჰასანლის გამბედაობას. ჩემი სოციალური მედიის ქავერზე დღემდე არის წარწერა – „იყავი უკრაინასავით მამაცი“. მაქსიმ ბუტკევიჩს მინდა ვუთხრა, რომ გულწრფელად მჯერა უკრაინის გამარჯვების. ეს აღიარება არ არის მხოლოდ ჩემი. მე მას ვიღებ ჩემი კოლეგების სახელით, იმ ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიაში მუშაობენ. საქართველოში ჟურნალისტად ყოფნა დღეს თავგანწირვას ნიშნავს. ჩემს კოლეგებს დევნიან, აშანტაჟებენ, ავიწროებენ და ფიზიკურად უსწორდებიან“, - აღნიშნულია მზია ამაღლობელის წერილში.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ ერთპარტიულმა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა „რუსული კანონები“, რითაც სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად აკრძალა, ხოლო საგრანტო ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგენტობას და ღალატს გაუთანაბრა – ზუსტად ისე, როგორც რუსეთში.

„საქართველოში მთავრობა მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. საქართველოს დღეს 60-ზე მეტი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი ჰყავს – მსახიობი, პოეტი, მასწავლებელი, კომიკოსი, სტუდენტი, ჟურნალისტი, თუმცა ქართველები აგრძელებენ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. 300 დღეზე მეტია ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, რადგან ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გარანტი ევროკავშირია. ჩვენ თქვენს გვერდით ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომ ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო! მხარი დაგვიჭირეთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნულია წერილში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა