ედიტე ესტრელა - საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს - დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს, რეკომენდაციებისა და მოთხოვნების გათვალისწინება უნდა მოხდეს

საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატებზე ედიტე ესტრელამ რეზოლუციის სახელწოდებით, „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკური და სოციალური ვითარება გაუარესდა და ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული დიალოგითა და თანამშრომლობით.

„საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, რომელიც სადავო არჩევნებით, დემოკრატიული უკუსვლითა და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებით არის გამოწვეული.

რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ, ეხება კრიზისს, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. საქართველოში შექმნილი ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შესაბამისად, ამ რეზოლუციაში აღნიშნულია ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში ჩვენი ბოლო დებატების შემდეგ მოხდა. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ, რომ რეკომენდაციების მიუხედავად არანაირი პროგრესი არ მომხდარა. პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გაიზარდა.

ჩვენი განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკური და სოციალური ვითარება გაუარესდა. ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული დიალოგითა და თანამშრომლობით.

მათ ვენეციის კომისიასთან და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს.

საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციის ხმები ჩაახშო, დააკავა ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოებას შემზღუდველი კანონებით ძირი გამოუთხარა“, - განაცხადა ედიტე ესტრელამ.

მისი თქმით, „აღნიშნული ნაბიჯები დემოკრატიის მიმართ ერთგული მთავრობის ზომებს არ წარმოადგენს, არამედ იმის, რომელსაც კრიტიკული აზრის ჩახშობა სურს“.

„ყველაზე საგანგაშო ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური გამოძიების მიზეზით აკრძალვის განზრახვაა. აღნიშნული პოლიტიკურ პლურალიზმს გაანადგურებს და საქართველოს ერთპარტიულ სახელმწიფოდ აქცევს. ეს ქმედებები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებთან შეუთავსებელია. დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს, რეკომენდაციებისა და მოთხოვნების გათვალისწინება უნდა მოხდეს. ევროკავშირმა და სხვებმა შეშფოთება გამოთქვეს ადამიანის უფლებების დარღვევისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვების შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ფუნდამენტური თავისუფლებები, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობა აღადგინოს. დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ საერთო ღირებულებების პატივისცემაზე დაყრდნობით. ამ რეზოლუციის მიღებით არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა ესტრელამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა